პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებულმა რუსმა ოპოზიციონერებმა მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას, არ გააიგივონ რუსი ხალხი რუსეთის პრეზიდენტთან და მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც ხელი შეუწყო მათ გათავისუფლებას, ისევე როგორც 14 სხვა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას რუსეთის ციხეებიდან.
”რუსეთში არის ბევრი ადამიანი, ვინც ომის წინააღმდეგია და არ სჯერა კრემლის პროპაგანდის”, - ამის შეახებ ბონში პრესკონფერენცაიზე განაცხადა ვლადიმირ კარა-მურზამ, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ეს სასჯელი 2022 წლიდან მოიხადა.
„მთავრობის პოლიტიკასთან ხალხის ასოცირება არასწორია“, - აღნიშნა ანდრეი პივოვაროვმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გათავისუფლებული პატიმრების ამოცანაა იმუშაონ, რომ რუსეთი "თავისუფალი და დემოკრატიული" გახდეს.
პატიმართა გაცვლის გარემოებებსა და პროცედურებზე საუბრისას, კერძოდ, იმ ფაქტზე, რომ რუსეთში პატიმრების გათავისუფლების მიზნით, გერმანიის ხელისუფლებამ გაათავისუფლა გერმანიაში მკვლელობისთვის მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვი, კარა-მურზამ განაცხადა: «გერმანიისთვის ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება“.
შეგახსენებთ, ხუთშაბათს, 1 აგვისტოს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. საერთო ჯამში, გაცვლაში მონაწილეობა მიიღო 26 ადამიანმა: 10 გათავისუფლებული დაბრუნდა რუსეთში, 13 გაფრინდა გერმანიაში და სამი აშშ-ში.
რუსეთმა პატიმრების გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლა 16 ადამიანი, მათ შორის ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი.
გათავისუფლებულთა შორის არიან რუსი ოპოზიციონერები ვლადიმირ კარა-მურზა და ილია იაშინი, ასევე ქსენია ფადეევა, ანდრეი პივოვაროვი, ალსუ კურმაშევა, ოლეგ ორლოვი, საშა სკოჩილენკო, დიტერ ვორონინი, კევინ ლიკი, რიკო კრიგერი, პატრიკ შებელი, გერმანი მოიჟესი და ვადიმ ოსტანინი.
რუსეთის საპატიმროებში უკანონოდ დატყვევებული უფლებადამცველების, ოპოზიციონერების და ამერიკელი საზღვაო ქვეითების სანაცვლოდ, დასავლეთმა რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, ФСБ-ის ოფიცერი, რომელმაც 2019 წელს ბერლინის ცენტრში მოკლა ჩეჩენთა საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი.
რუსეთს ასევე გადაეცა სლოვენიაში ჯაშუშობისთვის მსჯავრდებულები ანა და არტემ დულცევები, ნორვეგიიდან მოსკოვს გადაეცა მიკაილ მიკუშინი, პოლონეთიდან - პაველ რუბცოვი, აშშ-დან - რომან სელეზნევი, ვლადისლავ კლიუშინი და ვადიმ კონოშჩენკო.