ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს დამატებით საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას ახლო აღმოსავლეთში, რათა მზად იყოს ისრაელზე ირანისა და მის მიერ ღაზის სექტორში, ლიბანსა და იემენში მხარდაჭერილი ძალების შესაძლო თავდასხმის საპასუხოდ.
ამის შესახებ The New York Times ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
The New York Times -ის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ძალები ახლო აღმოსავლეთში იღებენ "აუცილებელ ზომებს" საბრძოლო მზადყოფნის გასაძლიერებლად და აშშ-ის ჯარების და მოკავშირეების დასაცავად ირანის ან ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლებისგან მომდინარე საფრთხისგან.
თვითმფრინავების რაოდენობა, რომელსაც აშშ გაგზავნის ახლო აღმოსავლეთში, ჯერ არ არის დადგენილი. ასევე არ არის საბოლოო თანხმობა ყველა მაღალჩინოსნისგან, მათ შორის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინისგან.
გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ აშშ ცდილობს სწრაფად გაგზავნოს შესაბამისი ტიპის თვითმფრინავები ახლო აღმოსავლეთში, რათა დაეხმაროს ისრაელის დაცვას კონფლიქტის ესკალაციის გარეშე.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში 31 ივლისის ღამეს, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მოკლეს. ირანის სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ირანი თავის მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის.