ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ სრულად ელექტრო EC40-ზე მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. მიმდინარე შეთავაზებით, ელექტრომობილის შეძენა 10 000 ევრომდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი. სპეციფიკაციების გათვალისწინებით, VOLVO EC40-ის ფასი 45 000-დან 50 000 ევრომდე მერყეობს, მაშინ როდესაც თავდაპირველი ფასი 55,000-დან 60,000 ევრომდე იყო.
მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია EC40-ის ორი მოდელი, რომლებიც ერთმანეთისგან კომპლექტაციით განსხვავდება - EC40 Recharge Plus და EC40 Recharge Ultimate. ორივე მოდელი წარმოდგენილია ოთხივე წამყვანი თვლით, ორი ელექტროძრავითა და 408 ცხენის ძალით. ვოლვო EC40-ში ჩაშენებულია Google-ის სისტემები და „ვოლვოს“ აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, ავტომობილი სახლიდან გააღოთ და ჩართოთ გათბობა-გაგრილების სისტემა, აგრეთვე, შეამოწმოთ ავტომობილის ადგილმდებარეობა. VOLVO EC40-ის ორივე მოდელ 0-დან 100 კმ/სთ-მდე ჩქარდება 4,7 წამში, ერთი სრული დატენვით კი 550-მდე კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. ვოლვოს უახლესი მოდელები წარმოდგენილია ხუთ ფერში - ლურჯი, თეთრი, შავი, მწვანე და რუხი.
რაც შეეხება ძირითად განსხვავებებს, Ultimate ანუ მაღალი კოპლექტაცია Plus-ისგან განსხვავებით აღჭურვილია: მძღოლის ელექტრო სავარძელის პოზიციის დამახსოვრების ფუნქციით, Harman Kardon-ის აუდიოსისტემით, ნისლსაწინააღმდეგო ფარებითა და 360°-იანი კამერით.
თორნიკე იკაშვილი, VOLVO-ს გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი: „როგორც მსოფლიო, ისე ქართულ ბაზარზე ელექტრომობილების წილი იზრდება და საზოგადოების მხრიდან დაინტერესება სულ უფრო მატულობს. სწორედ ამიტომ, „ვოლვოს“ ღირებულებებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის უპრეცედენტო ფასდაკლება შეგვეთავაზებინა და უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა ელექტრომობილების შეძენა.
მოთხოვნის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ერთი მხრივ, მომხმარებელი დარწმუნდა რომ ელექტრომობილები მეტად პრაქტიკულია მოხმარების თვალსაზრისით. ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილი, შიგაწვის ძრავიანთან შედარებით, გაცილებით ეკონომიურია და ნაკლებად საჭიროებს სერვისს. გარდა ამისა, ელექტრომობილების ფლობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა საქართველოში ეტაპობრივად სულ უფრო ვითარდება. ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოზე ზრუნვა რომელშიც ვცხოვრობთ, სწორედ ამიტომ „თეგეტა ქარსს“, როგორც პასუხისმგებლობიან კომპანიას, თავისი წვლილი შეაქვს დასამუხტი სადგურების ქსელის გაფართოებაში. შედეგად, მარტივდება და უფრო მიმზიდველი ხდება ელექტრომობილის ფლობა“.
ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, „ვოლვო ქარ საქართველომ“ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მოდელი, სრულიად ახალი კონცეფციის, სტილისა და ხასიათის, „ვოლვოს“ მცირე ზომის SUV EX30 წარუდგინა მომხმარებელს. ახალი მოდელის წარდგენიდან ერთ თვეში რამდენიმე ერთეული EX30 უკვე გაიყიდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ელექტრომობილებით საზოგადოების დაინტერესებას. იმისათვის, რომ მომხმარებლებს უფრო მეტად გაუმარტივდეთ VOLVO-ს ელექტრომობილით სარგებლობა, EX30-ის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად გადაეცემათ სახლის სტაციონარი დამტენები.
„ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში ხელმისაწვდომია EX30-ის სამი ვერსია, რომლებიც ერთმანეთისგან კომპლექტაციითა და ელექტროდიაპაზონით განსხვავდებიან. ერთი სრული დატენით სვლის დიაპაზონი 360-დან 475 კმ/სთ-მდე მერყეობს. „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში ახალი VOLVO EX30 ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერთა პალიტრაში. დაინტერესებულ მომხმარებელს „ვოლვო ქარ საქართველო“ შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ ტესტ დრაივით და თავად გამოსცადონ VOLVO-ს ელექტრომობილების შესაძლებლობები.
გლობალურად „ვოლვო“ გარემოს დაცვის კუთხით ძალიან აქტიურად მუშაობს. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ გარემოზე ზრუნვაა. კომპანია 2030 წლიდან მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას გეგმავს.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.