უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაზღვევის პოლისის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 121 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შეუძლია.
დაზღვევის მსურველ უცხოელ მომხმარებელს საშუალება აქვს, სხვა სერვისებთან ერთად გამარტივებული, მოქნილი პროცედურით და კონკურენტუნარიანი ღირებულებით, მრავალფეროვანი სადაზღვევო პაკეტი შეიძინოს და საკუთარ ჯანმრთელობაზე საქართველოში ყოფნის პერიოდშიც იზრუნოს.
დაზღვევის პოლისი 1-წლიანია და მოიცავს: პირადი ექიმისა და მარტივად ხელმისაწვდომ სხვა სამედიცინო მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით; დისტანციურ კონსულტაციას ოჯახის ექიმთან; პროფილაქტიკურ კვლევებს მოცდის პერიოდის გარეშე; კომფორტულ დისტანციურ მომსახურებებს, როგორებიცაა: ანაზღაურების, ელექტრონული მიმართვის ან საგარანტიო წერილის მოთხოვნა; ულიმიტო გეგმურ სტომატოლოგიურ მომსახურებას 50% თანადაფინანსებით.
ახალი სერვისის დანერგვა აუქციონის წესით შერჩეულ სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ს და იუსტიციის სახლის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.
თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სერვისის პირველი მომხმარებლისთვის მიწოდების პროცესს, „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ის გენერალური დირექტორი ნოდარ გელოვანი პირადად დააკვირდნენ.
იუსტიციის სახლი სახელმწიფო და კერძო სერვისების ერთ სივრცეში მიწოდების კუთხით ქვეყანაში წამყვანი უწყებაა, რომელიც როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჩვეული მაღალი ხარისხით ემსახურება.
მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოების მიზნით მომხმარებლის საჭიროებების კვლევის საფუძველზე, იუსტიციის სახლი მუდმივად ნერგავს ახალ სერვისებს. დღეისთვის იუსტიციის სახლის სერვისების რაოდენობა 500-ს აღწევს.