ბერლინში მოკლული ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ნათესავები იმედგაცრუებით შეხვდნენ ცნობას, რომლის თანახმად, ხანგოშვილის მკვლელი კრიმინალი, უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ვადიმ კრასიკოვი რუსეთს გადასცეს.
„მკვლელობიდან ხუთი წელიც არ გასულა და პუტინის მიერ დაქირავებული მკვლელი ისევ თავისუფალია“, – აცხადებენ გერმანიაში მცხოვრები მოკლული ხანგოშვილის ახლობლები, მათი ადვოკატის ინგა შულცის მეშვეობით. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
უვადო მსჯავრდებული კრასიკოვის რუსული მხარისთვის გადაცემა „დამანგრეველი ამბავი იყო ჩვენთვის. "ერთის მხრივ, გვიხარია, რომ ვიღაცის სიცოცხლე გადარჩა. ამავდროულად, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ მსოფლიოში არ არსებობს კანონი, თუნდაც იმ ქვეყნებში, სადაც კანონი არის უზენაესი", - ნათქვამია ხანგოშვილის ახლობლების განცხადებაში.
რუსეთის საპატიმროებში უკანონოდ დატყვევებული უფლებადამცველების, ოპოზიციონერების და ამერიკელი საზღვაო ქვეითების სანაცვლოდ, დასავლეთმა რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, ეფ-ეს-ბეს ოფიცერი, რომელმაც 2019 წელს ბერლინის ცენტრში მოკლა ჩეჩენთა საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემა იოლი გადაწყვეტილება არ იყო.
კანცლერის განცხადებით, გერმანიის სამართალდამცავმა უწყებებმა და მმართველი კოალიციის წევრებმა ეს გადაწყვეტილება საფუძვლიანი განხილვის შემდეგ მიიღეს და ამის შესახებ ოპოზიციაც ინფორმირებული იყო.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლთან ასეთი შეთანხმება აუცილებელი იყო რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის ციხეებში მყოფი რუსი პოლიტპატიმრებისა და გერმანიისა და ამერიკის მოქალაქეების გათავისუფლებისთვის.
ხუთშაბათს, 1 აგვისტოს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. საერთო ჯამში, გაცვლაში მონაწილეობა მიიღო 26 ადამიანმა: 10 გათავისუფლებული დაბრუნდა რუსეთში, 13 გაფრინდა გერმანიაში და სამი აშშ-ში.
რუსეთმა პატიმრების გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლა 16 ადამიანი, მათ შორის ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი.
გათავისუფლებულთა შორის არიან რუსი ოპოზიციონერები ვლადიმირ კარა-მურზა და ილია იაშინი, ასევე ქსენია ფადეევა, ანდრეი პივოვაროვი, ალსუ კურმაშევა, ოლეგ ორლოვი, საშა სკოჩილენკო, დიტერ ვორონინი, კევინ ლიკი, რიკო კრიგერი, პატრიკ შებელი, გერმანი მოიჟესი და ვადიმ ოსტანინი.
რუსეთის საპატიმროებში უკანონოდ დატყვევებული უფლებადამცველების, ოპოზიციონერების და ამერიკელი საზღვაო ქვეითების სანაცვლოდ, დასავლეთმა რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, ФСБ-ის ოფიცერი, რომელმაც 2019 წელს ბერლინის ცენტრში მოკლა ჩეჩენთა საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი.
რუსეთს ასევე გადაეცა სლოვენიაში ჯაშუშობისთვის მსჯავრდებულები ანა და არტემ დულცევები, ნორვეგიიდან მოსკოვს გადაეცა მიკაილ მიკუშინი, პოლონეთიდან - პაველ რუბცოვი, აშშ-დან - რომან სელეზნევი, ვლადისლავ კლიუშინი და ვადიმ კონოშჩენკო.