რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პირადად დახვდა ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში, დასავლეთთან პატიმრების გაცვლის ფარგლებში, გათავისუფლებულ მკვლელებსა და ჯაშუშებს.
პუტინმა სამშობლოში დაბრუნება მიულოცა მათ და მადლობა გადაუხადა "ფიცისადმი ერთგულებისთვის".
პუტინმა პირობა დადო, რომ რუსეთში დაბრუნებული მკვლელები და ჯაშუშები სახელმწიფო ჯილდოებზე იქნებიან წარდგენილნი.
"ჩვენ კიდევ შევხვდებით და ვისაუბრებთ თქვენს მომავალზე", - თქვა მან.
ხუთშაბათს, 1 აგვისტოს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. საერთო ჯამში, გაცვლაში მონაწილეობა მიიღო 26 ადამიანმა: 10 გათავისუფლებული დაბრუნდა რუსეთში, 13 გაფრინდა გერმანიაში და სამი აშშ-ში.
რუსეთმა პატიმრების გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლა 16 ადამიანი, მათ შორის ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი.
გათავისუფლებულთა შორის არიან რუსი ოპოზიციონერები ვლადიმირ კარა-მურზა და ილია იაშინი, ასევე ქსენია ფადეევა, ანდრეი პივოვაროვი, ალსუ კურმაშევა, ოლეგ ორლოვი, საშა სკოჩილენკო, დიტერ ვორონინი, კევინ ლიკი, რიკო კრიგერი, პატრიკ შებელი, გერმანი მოიჟესი და ვადიმ ოსტანინი.
რუსეთის საპატიმროებში უკანონოდ დატყვევებული უფლებადამცველების, ოპოზიციონერების და ამერიკელი საზღვაო ქვეითების სანაცვლოდ, დასავლეთმა რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, ФСБ-ის ოფიცერი, რომელმაც 2019 წელს ბერლინის ცენტრში მოკლა ჩეჩენთა საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი.
რუსეთს ასევე გადაეცა სლოვენიაში ჯაშუშობისთვის მსჯავრდებულები ანა და არტემ დულცევები, ნორვეგიიდან მოსკოვს გადაეცა მიკაილ მიკუშინი, პოლონეთიდან - პაველ რუბცოვი, აშშ-დან - რომან სელეზნევი, ვლადისლავ კლიუშინი და ვადიმ კონოშჩენკო.