ანკარაში რუსეთს, აშშ-ს, გერმანიას და დასავლეთის კიდევ სამ ქვეყანას შორის პატიმრების გაცვლა მიმდინარეობს.
პატიმრების გაცვლის პროცესში, სულ მცირე, 24 ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის რუსეთის რვა მოქალაქე.
თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ ხუთშაბათს, 1-ელ აგვისტოს განაცხადა, რომ კოორდინაციას უწევს პატიმრების გაცვლას რუსეთის ფედერაციას, შეერთებულ შტატებსა და მათ მოკავშირეებს შორის.
ეს გაცვლის პირველი დადასტურებაა სამთავრობო უწყების მიერ.
Flightradar24-ის ცნობით, ვნუკოვოს აეროპორტიდან გაფრენილი სპეცდანიშნულების რაზმის თვითმფრინავი ანკარაში უკვე დაეშვა. თურქული სატელევიზიო არხი NTV აქვეყნებს კადრებს ანკარის აეროპორტიდან, სადაც ჩავიდნენ თვითმფრინავები რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის ქვეყნებიდან და ხაზს ისვამს, რომ ეს „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გაცვლაა“.
The Insider-ის ცნობით, რუსეთის ფედერაცია გარიგების ფარგლებში დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანს გადასცემს.
ესენი არიან პოლიტიკსოები ვლადიმირ კარა-მურზა და ილია იაშინი, ალექსი ნავალნის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელები ლილია ჩანიშევა. ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი, ჟურნალისტები ევან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშევა, მხატვარი საშა სკოჩილენკო, ჟურნალისტი ანდრეი პივოვაროვი, კევინ ლიკი, პოლ უილანი, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი, დიტერ ვორონინი, პატრიკ შიობელი და პეტერბურგელი ველოაქტივისტი გერმან მოიჟესი, ასევე მანამდე ბელარუსში შეწყალებული გელმანელი რიკო კრიგერი.
მათ სანაცვლოდ დასავლეთი, რუსეთს სხვადასხვა ქვეყანაში მსჯავრდებულ რვა ადამიანს გადასცემს. ესენი არიან ცოლ-ქმარი დულცევები, რომლებმაც აღიარეს, რომ მუშაობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებში და გაასამართლეს სლოვენიაში, ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის, პოლონეთის ციხეში მყოფი პაველ რუბცოვი,
მიხაილ მიკუშინი, რომელიც თავს ასაღებდა ბრაზილიელად და დაკავებული იყო ნორვეგიაში ჯაშუშობისთვის, ასევე სამი ადამიანი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ აშშ-ში - რომან სელეზნევი, ვლადისლავ კლიუშინი და ვადიმ კონოშჩენოკი.
Dr Spiegel ცნობით, კრასიკოვი გერმანიიდან მიმავალ თვითმფრინავში იმყოფება.
თურქეთის დაზვერვის წყარომ დაუდასტურა Reuters-ს, რომ გაცვლაში მონაწილეობს 26 პატიმარი შვიდი ქვეყნიდან.
თურქული ტელეარხი NTV იუწყება, რომ 13 ადამიანი გადაყვანილია გერმანიაში, სამი აშშ-ში და 10, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, რუსეთში. სავარაუდოდ, საუბარია დულცევის შვილებზე.