გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგის პირველი ეტაპი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მყინვარულ ტბებზე, მყინვარების ნაპრალებსა და კლდეზვავურ პროცესებზე დაკვირვება. ასევე, შეფასდა მყინვარის ენის დნობის (აბლაციის) დინამიკა, რომლის შედარებაც მოხდება ისტორიულ მონაცემებთან.
აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირას დაგეგმილია წამყვანი შვეიცარიული კომპანია - “GEOTEST AG” - ის ექსპერტების, ვიზიტი საქართველოში, რომლებიც სააგენტოს ექსპერტებთან ერთად ადგილზე გაეცნობიან მყინვარებზე არსებულ მდგომარეობას.
ექსპედიციის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება გლაციალური საფრთხეების შეფასება. კვლევის შედეგად, დადგინდება პოტენციური რისკის ქვეშ მყოფი არეალები და შესაბამისი საპრევენციო ღონისძიებები. შვეიცარიელი ექსპერტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად მოხდება სიტუაციის გაანალიზება და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.
მყინვარულ ხეობებში კვლევების განხორციელება მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული, შესაძლო სტიქიური მოვლენების განვითარებით მიყენებული, უარყოფითი შედეგების მაქსიმალურ შერბილებას.
გრძელდება ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოები. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დამატებით დამონტაჟებულია 190-მდე მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგური, ხოლო წლის ბოლოსათვის სადგურების რაოდენობა მიაღწევს 245 ერთეულს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამინდის პროგნოზირების ხარისხისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტურობის გაზრდას. ამავდროულად, მსოფლიოში მოწინავე, ფინეთის მეტეოსამსახურის ჩართულობით დაიწყო თანამედროვე საინფორმაციო სისტემის დანერგვის პროცესი, რაც ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზირებისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების თანამედროვე ტექნოლოგიებით გავცელებას.
ასევე, სააგენტოს სპეციალისტების მიერ საველე-ექსპედიციური გზით ხორციელდება მყინვარული ხეობების ვიზუალური და ინსტრუმენტალური მონიტორინგი.
მონიტორინგის ფარგლებში, დრონების მეშვეობით ხორციელდება აეროფოტო-მასალის შეგროვება, მათი ანალიზი/დამუშავება. გარდა ამისა, სპეციალისტების მიერ, ფეხით მისადგომ მყინვარებზე ხდება ფოტო-მასალის შეგროვება და ადგილზე სიტუაციის შეფასება.