სენატში საქართველოს საკითხის მოსმენისას, ჯიმ ო’ბრაიანმა დაადასტურა, რომ აშშ გეგმავს ფინანსურ სანქციებს ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ო’ბრაიანმა პარალელი გაავლო გლობალური მაგნიტსკის აქტთან, რომლის საფუძველზე სანქცირებულია პუტინის რეჟიმი.
მისივე თქმით, იმ დროც, როცა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს განიხილავს ივანიშვილის წინააღმდეგ, თავად ივანიშვილი ემისრებს აგზავნის ჩინეთში, ირანსა და რუსეთში.
„გუშინ შედგა ძალიან მნიშვნელოვანი მოსმენა აშშ-ის სენატში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯიმ ო ბრაიანმა დაადასტურა, რომ აშშ გეგმავს ფინანსურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ო’ბრაიანმა პარალელი გაავლო გლობალური მაგნიტსკის აქტთან, რომლის საფუძველზე სანქცირებულია პუტინის რეჟიმი და განმარტა, რომ ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირება მოხდება კორუფციისა და ადამიანის უფლებების გამო, რაც საბოტირებს ევროატლანტიკურ არჩევანს, რამაც ოფიციალურად გაყინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. სენატორმა შაჰინმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ-ის დღევანდელ პოლიტიკას ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, დონალდ ტრამპის მხარდამჭერ რესპუბლიკელ კონგრესმენებს და სენატორებს, ისევე როგორც დემოკრატ კონგრესმენებს და სენატორებს შორის.
როდესაც საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს განიხილავს ივანიშვილის წინააღმდეგ, თავად ივანიშვილი ემისრებს აგზავნის ჩინეთსა და ირანში და ჩვენი ინფორმაციით დახურული არხებით, ასევე რუსეთის ფედერაციაში. როცა სენატში ირანს, ჩინეთს და რუსეთს ჩრდილოეთ კორეასთან ერთად ბოროტების ღერძის აქტორებად მოიხსენიებენ, ივანიშვილის მთავარ პარტნიორებად სწორედ ეს აქტორები და არა აშშ და ევროპა გვევლინებიან, ამაზე მეტყველებს მათ შორის ირაკლი კობახიძის ბოლო ვიზიტი, როდესაც ის ესწრებოდა ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, სადაც ისმოდა შეძახილები - სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს და სადაც თავად კობახიძე ტერორისტული ორგანიზაციის, ჰამასის ლიდერთან, ისმაილ ჰანიესთან ერთად იყო წარმოდგენილი, რომელიც ამ ინაუგურაციის ცერემონიალიდან რამდენიმე საათში მოკლეს როგორც ტერორისტულო ორგანიზაციის ლიდერი.
ივანიშვილის ხელისუფლებამ გააუცხოვა საქართველოს ტრადიციული პარტნიორები და მეგობრები - ამერიკა და ევროპა და ისინი ტერორისტული ორგანიზაციების და ავტოკრატიული სახელმწიფოებით ჩაანაცვლა, როგორიც არის რუსეთი, ირანი და ჩინეთი. ეს არის საქართველოს ტოტალური საერთაშორისო იზოლაციის მცდელობა და ევროატლანტიკური მომავლის სამუდამოდ დაკარგვის სახე, რომლის თავიდან აცილების ერთადერთი შესაძლებლობა არის 26 ოქტომბრის არჩევნები, როდესაც ქართველ ხალხს შეუძლია, რომ საკუთარი ევროატლანტიკური არჩევანით დააბრუნოს ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და საქართველოს მეგობრებად გვევლინებოდნენ კვლავ აშშ, ევროპის კავშირის ქვეყნები და არა ავტოკრატიული სახელმწიფოები, როგორიც არის ჩინეთი, ირანი და რუსეთის ფედერაცია.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.