ისრაელს არ სურს ომი, მაგრამ მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.
30 ივლისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ბეირუთზე ტერიტორიას, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ შეიარაღებული ფორმირების ერთ-ერთი მეთაური იმყოფებოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბეირუთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ შუქრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰაჯ მოჰსინი, „ჰეზბოლას“ ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური იყო, რომელსაც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას უფროს სამხედრო მრჩევლად, „მარჯვენა ხელად“ იცნობდნენ.
თუმცა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ არ დაადასტურა ფუად შუქრის დაღუპვა.
როგორც „ჰეზბოლა“ ამბობს, ფუად შუქრი თავდასხმისას შენობაში იმყოფებოდა, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა და არის მოლოდინი, რომ, შესაძლოა, მათი ლიდერი ცოცხალი იყოს.