ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ გამოწვეული არეულობის დროს 39 პოლიციელი დაშავდა. მათგან 27 საავადმყოფოშია, იტყობინება სასწრაფო დახმარების რეგიონული სამსახური.
პოლიციის ინფორმაციით, სამართალდაცველებს ძვლების მოტეხილობა, ჭრილობები, ტვინის შერყევა და სხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. არეულობასთან დაკავშირებით პოლიციამ მიიღო გაფართოებული უფლებამოსილება ეჭვმიტანილების ჩხრეკისა და დაკავებისთვის.
არეულობა დაიწყო ბავშვთა ცეკვის სტუდიაზე თავდასხმიდან მეორე დღეს.
არეულობების მონაწილეები აგურებს ესროდნენ ადგილობრივ მეჩეთს და პოლიციის თანამშრომლებს, დაწვეს მანქანები და ნაგვის ურნები. პოლიციის ცნობით, არეულობის მონაწილეები ძირითადად ულტრამემარჯვენე ისლამოფობიური ჯგუფის ინგლისის თავდაცვის ლიგის წევრები არიან.
”არ შეიძლება ასე მოექცე საზოგადოებას, განსაკუთრებით საზოგადოებას, რომელიც ჯერ კიდევ იტანჯება ორშაბათს მომხდარი მოვლენებით”, - თქვა მერსისაიდის პოლიციის უფროსის თანაშემწემ ალექს გოსმა.
29 ივლისს, ინგლისის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ საუთპორტში, ბავშვთა საცეკვაო სტუდიაზე თავდასხმის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა და რვა დაიჭრა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი დააკავეს. თავდასხმის მოტივები დგინდება.