ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ შეიწყალა გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რომელსაც სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოუტანა.
ბელარუსის სამთავრობო მედია იუწყება, რომ კრიგერმა ადვოკატის მეშვეობით ლუკაშენკას შეწყალების თხოვნით მიმართა, ბელარუსის პრეზიდენტმა კი „გარემოებების გათვალისწინებით მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
ლუკაშენკას აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა უკრაინული მედია, მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ კრიგერის შეწყალება შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პატიმრების გაცვლასთან, რომელიც ამჟამად განიხილება რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფოს შორის.
რიკო კრიგერის სასიკვდილო განაჩენი 19 ივლისს გახდა ცნობილი.
30 წლის რიკო კრიგერის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის ექვსი მუხლით იყო აღძრული, მათ შორის დაქირავებულ მებრძოლად მუშაობა, ჯაშუშობა, ტერორიზმი, ექსტრემისტული ჯგუფის ჩამოყალიბება. ასევე, კრიგერს ბრალად ედებოდა ბელარუსის ტერიტორიაზე აფეთქებების ორგანიზება.
რიკო კრიგერი ბელარუსში 2023 წლის ნოემბერში დააკავეს.
ბელარუსი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ არსებობს. მინსკი ამტკიცებს, რომ ეს სასჯელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, მათ შორის სახელმწიფო ღალატისთვის გამოიყენება.