ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე იუსტიციის სახლში 2024 წლის არჩევნების უწყებათა შორის კომისიას დაესწრო და აღნიშნა, რომ პარტიის მიერ წაყენებულ ერთ-ერთ ძირითად საკითხს, ძალადობის შესახებ დამაკმაყოფილებელი პასუხები არ გაეცა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამოქალაქო აქტივისტებსა და ხელისუფლების ოპონენტებზე განხორციელებულ ძალადობაზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა რეალურად, მესამე თვეა დაკავებული არავინაა.
„ეს კომისია მის ფუნქციებს ვერ ასრულებს. რომელ მცირე დარვევებზეა საუბარი, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს რეგიონებში ისე ვერ შეუძლია კამპანიის ჩატარება, რომ მათზე თავდასხმა არ მოხდეს?! ამ სხდომაზე ჩვენი დასწრების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორიც ის იყო, რომ დამსწრე საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ კომისიის უუნარობის შესახებ.
მთავრობისა და ამ კომისიის მუშაობა არ იძლევა არანაირ საფუძველს, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში მშვიდობიანი გარემო იქნება. არცერთი თავდასხმა გამოძიებული არ არის, ხოლო კონკრეტულად ცოტნე კობერიძის საქმეზე განაცხადეს, რომ საერთოდ შეტყობინება არ შემოსულაო. რაც შეეხება ევროპული საქართველოსა და სხვა ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევას, ამაზეც უბრალოდ განაცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ანუ ძალადობაზე არც რეაგირება არსებობს და არც ამ რეაგირების შედეგი“ - თქვა ბესიკ დონაძემ.