მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ოპოზიცია გავერთიანდეთ, რათა გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი, რომ შევეწინააღმდეგოთ რუსულ კანონს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიყენებს ამ შანსს, რომ დადგეს კონსტიტუციის და ქართველი ხალხის მხარეს, ამ შანსს გამოიყენებს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შეჩერების შესახებ სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო ოპოზიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
ბოკუჩავას განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიყენებს ამ შანსს, რომ დადგეს კონსტიტუციის და ქართველი ხალხის მხარეს, ამ შანსს გამოიყენებს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს და მაინც გააუქმებს საკუთარი არჩევანით აღნიშნულ კანონს.
„გარდა იმისა, რომ რუსული კანონი არღვევს არაერთ საერთაშორისო ნორმას და სტანდარტს, ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კერძოდ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ავალდებულებს ყველა სახელისუფლებო შტოს და ინსტიტუციას, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც რუსული კანონის მიღებით ივანიშვილის პარტიამ გზა ჩაუხერგა ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ. სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ იხელმძღვანელებს პოლიტიკური დაკვეთით, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია მათ შორის იმპიჩმენტის საკითხში პრეზიდენტი ზურაბიშვილის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ოპოზიცია გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსულ კანონს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიყენებს ამ შანსს, რომ დადგეს კონსტიტუციის და ქართველი ხალხის მხარეს, ამ შანსს გამოიყენებს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს და მაინც გააუქმებს საკუთარი არჩევანით რუსულ კანონს.“ განაცხადა თინა ბოკუჩავამ.