ნიკოლას მადურო ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მესამედ გამოცხადდა.
ეროვნული საარჩევნო საბჭოს თანახმად, ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ, მადურომ ხმათა 51%-ზე მეტი მიიღო, მისმა ოპონენტმა დემოკრატიული ერთიანი პლატფორმის კანდიდატმა ედმუნდო გონსალეს ურუტიამ კი - 44%-ზე მეტი.
მადურო ზედიზედ მესამედ, ექვსი წლით კვლავ ქვეყნის პრეზიდენტი იქნება. ის ხელისუფლების სათავეში პრეზიდენტ უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წელს მოვიდა.
მედიის ცნობით, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპოზიციის მხარდამჭერები არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ტიროდნენ. არჩევნებში აქტივობა მაღალი იყო, ოპოზიციის მხარადმჭერები ამბობდნენ, რომ ისინი დატოვებდნენ ქვეყანას, თუ მადურო გაიმარჯვებდა და მიუთითებდნენ სასტიკ რეპრესიებსა და ეკონომიკურ კოლაფსზე მისი მმართველობის დროს.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, არჩევნები დარღვევებით ჩატარდა.
მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, ოპოზიცია შიშობდა, რომ სამართლიან ბრძოლას ვერ იხილავდა, რადგან მადუროს მთავრობა აკონტროლებს ყველა სამთავრობო ინსტიტუტს ვენესუელაში. მას ასევე ადანაშაულებდნენ წინა არჩევნების გაყალბებაში, რასაც იგი უარყოფდა.
ოპოზიცია არჩევნებამდე აცხადებდა, რომ გამოკითხვებში მათი კანდიდატი იმდენად მაღალი მაჩვენებლით უსწრებდა მადუროს, რომ ამ უკანასკნელს „არჩევნების მოპარვა“ გაუჭირდებოდა.
ხელისუფლება და სახელისუფლებო პროპაგანდა კი ამტკიცებდა, რომ მადურო ყველა გამოკითხვაში ლიდერობდა.
თავად მადურო აცხადებდა, რომ მისი დამარცხების შემთხვევაში, ქვეყანაში სისხლის მდინარეები დადგებოდა.