რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფმა სერიოზული დანაკარები განიცადა მალიში. იტყობინება დასავლური მედია მალის აჯანყებული შეიარაღებული დაჯგუფებების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
სააგენტოები Reuters, AFP და AP იუწყებიან, რომ ჩრდილოეთ მალიში, ალჟირის საზღვრის სიახლოვეს, „ვაგნერელები“ სასტიკად დამარცხდნენ აჯანყებული ტუარეგების შეიერაღებულ ჯგუფებთან ბრძოლაში.
AP-ის ინფორმაციით, ორდღიანი ბრძოლების შედეგად, ტუარეგებმა გაანადგურეს მალის არმიისა და "ვაგნერელების" კოლონა, საუბარია "ათეულობით" დაღუპულსა და დაჭრილზე.
"ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები მალიში 2021 წლიდან იმყოფებიან. 2020 წელს მალიში ძალაუფლება სამხედრო ხუნტამ ჩაიგდო, პოლკოვნიკ ასიმ გოიტას ხელმძღვანელობით. ხუნტამ გაწყვიტა ტრადიციული კავშირები საფრანგეთთან და დაახლოება დაიწყო რუსეთთან, რის შემდეგაც, ხუნტის ძალაუფლების განსამტკიცებლად, მოიწვიეს ქვეყანაში "ვაგნერის" დაქირავებულები.
ხუნტამ, "ვაგნერთან" ერთად მიზნად დაისახა, მალიში მოწინააღმდეგეთა ბანაკების სრული განადგურება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება.