პარიზის 2024 ოლიმპიადაზე დღეს სტარტი აიღო მოფარიკავეთა ტურნირმა. ხმლით ასპარეზობაში ქართველი სანდრო ბაზაძე 1/8 ფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.
სანდრო ბაზაძე დიდხანს და ემოციურად აპროტესტებდა მსაჯების გადაწყვეტილებას და ბილიკიდან არ გადიოდა, მაგრამ შედეგი მაინც არ შეიცვალა.
ეს ქართველი მოფარიკავისთვის მესამე ოლიმპიადაა. 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ის მე-13 ადგილზე გავიდა, 2020 წელს ტოკიოში კი მე-4 პოზიცია ერგო. სანდრომ 2022 და 2023 წლის ევროპის ჩემპიონატები მოიგო, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ვერცხლს დასჯერდა.