ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში, 1.5 მილიარდი ევრო გადასცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„კრემლის ფულისთვის უკეთესი სიმბოლო და უკეთესი გამოყენება არ არსებობს, ვიდრე უკრაინისა და მთელი ევროპის საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევა", - დაწერა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.
ცალკე განცხადებაში, ევროკომისიის პრესსამსახურმა განმარტა, რომ თანხა მიმართული იქნება ევროპის მშვიდობის ფონდისა და უკრაინის სამხედრო პოტენციალის მხარდაჭერის ფონდის მეშვეობით, ასევე ქვეყნის აღდგენისთვის.
ევროპის მშვიდობის ფონდის სახსრები გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნების კომპენსაციის სახით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აღნიშნულ გეგმაზე ოფიციალურად მაისის თვეში შეთანხმდნენ, თუმცა დიპლომატების თქმით, უნგრეთი გეგმის მიღებისთვის საჭირო ლეგალური ზომების გატარებას ხელს უშლიდა. ხოლო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უნგრეთმა ევროკავშირის წევრი ქვეყნები წესების "უსირცხვილო" დარღვევაში დაადანაშაულა, რითაც წევრმა სახელმწიფოებმა უნგრეთის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობებს თავი აარიდეს.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ პირველი ტრანშის გარდა, წლის ბოლომდე კიდევ 1 მილიარდი ევრო გამოიყოფა უკრაინისთვის იარაღის შესაძენად.