სვანეთში, ორი ახალგაზრდის ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მესამე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
სვანეთის ტყეებში დაკარგულ ახალგაზრდებს გოგიტა ფარჯიანს და გიორგი გვიჩიანს მეექვსე დღეა ეძებენ.
ახალგაზრდებთან კონტაქტი ორშაბათის შემდეგ ვერ მყარდება. ისინი ზემო სვანეთიდან ლასილის უღელტეხილით, ქვემო სვანეთში, ლენტეხში გადადიოდნენ. მარშრუტი კვირას დაიწყო და წესით კვირასვე უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ორშაბათს ახალგაზრდებმა ახლობლებს შეატყობინეს, რომ გზა აებნათ. მას შემდეგ მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება გუშინ, 24 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა.
ადგილობრივებმა გუშინ, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენისა და სითბური დრონების ჩართვის მოთხოვნით, სოფელ ლატალში გზა გადაკეტეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის აფრენა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა.