აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებულია ღაზაში მიმდინარე კონფლიქტზე და მძევლების გათავისუფლებაზე.
ეს მათი პირველი პირისპირ მოლაპარაკებაა მას შემდეგ, რაც ბაიდენი ისრაელში 7 ოქტომბრის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ჩავიდა.
„ბატონო პრეზიდენტო, ერთმანეთს 40 წელია, ვიცნობთ და თქვენ იცნობთ ყველა პრემიერ-მინისტრს, ვინც 50 წლის განმავლობაში ყოფილა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ 50-წლიანი საჯარო სამსახურისთვის და ისრაელის სახელმწიფოს 50-წლიანი მხარდაჭერისთვის“, – მიმართა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენს.
ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება ჯო ბაიდენთან მუშობის გაგრძელებას მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.
ბაიდენი და ნეთანიაჰუ შეხვდებიან ჰამასის მიერ დაკავებული ამერიკელი მძევლების ოჯახებს.
მოგვიანებით, ნეთანიაჰუ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისს შეხვდება.
ჰარისი იყო პირველი ამერიკელი ოფიციალური პირი, რომელმაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ოფიციალური პირების ცნობით, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ჰარისი მკაცრად დაიცავს ადმინისტრაციის ხაზს, ხაზს გაუსვამს პალესტინელების მდგომარეობას და მხარს დაუჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას.