გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში საშუალო დღიური გლობალური ტემპერატურა რეკორდებს აღწევს და მილიარდობით ადამიანი უკიდურესი სიცხის "ეპიდემიის" წინაშე დგას.
”ეს იყო უპრეცედენტო ცხელი კვირა, პირველ რიგში, ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურმა Copernicus-მა გამოაცხადა 21 ივლისი, ყველაზე ცხელ დღედ. შემდეგ, ორშაბათს, 22 ივლისს, ვერცხლისწყალმა კიდევ უფრო აიწია. ახლახან კი მივიღეთ წინასწარი მონაცემები იმის შესახებ, რომ სამშაბათი, 23 ივლისი, იმავე დიაპაზონში იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გასული კვირა, ორშაბათი და სამშაბათი იყო რეკორდული სამი ყველაზე ცხელი დღე“, - თქვა გუტერეშმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მსოფლიოს მოსახლეობა სულ უფრო და უფრო გრძნობს სიცხეს.
"დედამიწა უფრო ცხელი და საშიში ხდება ყველასთვის. მილიარდობით ადამიანი უკიდურესი სიცხის ეპიდემიის წინაშე დგას", - აღნიშნა გუტერეშმა.
გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) თანახმად, მომდევნო ხუთ წელიწადში გლობალურმა ტემპერატურამ შესაძლოა, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწიოს.
ამას ხელს შეუწყობს სათბურის გაზები და ოკეანის დინების ფაზების ცვლილება ლა-ნინიიდან ელ-ნინიომდე. ეს ფენომენი გავლენას მოახდენს არა მხოლოდ პლანეტის საშუალო ტემპერატურაზე, არამედ ნალექების სქემაზეც.
დინების ფაზების ცვლილების თავისებურება ის არის, რომ ლა-ნინიას დროს ატმოსფეროდან სითბო ინტენსიურად გადადის ოკეანეში, ხოლო ელ-ნინიოს დროს ნაკადი ოკეანიდან ატმოსფეროში გადადის.WMO-ს თანახმად, ცვლის პროცესი 2023 წლის ზაფხულში დაიწყო.