გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და კახეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო სპეციალურ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა მოწყობილი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში გამოვლენილი ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე კი, განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე: წიფლის სახეობის 18 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 6 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.