როდესაც რუსებზე სიტყვას დავძრავ, ქსენოფობიაში მდებენ ზოგიერთები ბრალს და ამტკიცებენ, რომ „პუტინი და რუსეთი ერთი და იგივე არ არის“, - ამის შესახებ სოციალირ ქსელში ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.
„როდესაც რუსებზე სიტყვას დავძრავ, ქსენოფობიაში მდებენ ზოგიერთები ბრალს და ამტკიცებენ, რომ „პუტინი და რუსეთი ერთი და იგივე არ არის“, „მათაც არ მოწონთ თავიანთი მთავრობის გადაწყვეტილებები და რა ქნან“, „იმიტომაც გამოექცნენ რეჟიმს და აქ ჩამოვიდნენ“ და ა.შ.
კაცო, რეჟიმს თუ გამოექეცი, მსოფლიოს თითქმის 200 ქვეყნიდან რაღა ის ამოარჩიე, რომელიც შენს ქვეყანას დაპყრობილი აქვს? ესე იგი ეგ ფაქტი საერთოდ არ გადარდებს, არ გრცხვენია და კარგი როგორღა ხარ? წადი და დასახლდი იმ სახელმწიფოში, სადაც შენს ქვეყანას სულ ახლახანს ამდენი დანაშაული არ ჩაუდენია.
თუ არგუმენტი ის არის, რომ ეს შენმა მთავრობამ გააკეთა და შენ რა შუაში ხარ, მაშინ დამისახელე, ოდესმე გაგიპროტესტებია, რომ შენმა ქვეყანამ დაგვიპყრო და ახლა სხვა ქვეყნის დაპყრობით არის გართული? მხოლოდ მაშინ რომ შეიგრძენი რეჟიმის სიმწვავე, როცა პირადად შენს ომში გაწვევაზე მიდგა საქმე და მაინცდამაინც იმ ქვეყანას მოაწყდი, რომლის 20%-ში სწორედ ეგ ჯარი დგას, ნამუსი აღარ არის? საქართველოში ხომ მუდმივად აპროტესტებს ხალხი რისი წინააღმდეგიც არის? ახლაც და წინა მთავრობის დროსაც. ჩვენ ჩვენი გავიტანეთ თუ არ გავიტანეთ, დღე და ღამე გარეთ ხომ იყო ხალხი, როცა რაღაცას აპროტესტებდა, მიუხედავად იმისა, რომ მიტინგებზე დარბევას და დაჭერას ვინ ჩივის, სახლებთან უსაფრთებოდნენ და ასისხლიანებდნენ ადამიანებს. შენც გაგეპროტესტებინა შენი მთავრობის ამდენი საშინელი გადაწყვეტილება.
გარდა ამისა, ჩამოსახლდი ამ ქვეყანაში და მორცხვად კი არ ხარ, მაშინვე ცდილობ საშენოდ მოირგო სიტუაცია. შედიხარ ექიმთან კონსულტაციაზე, ან მაღაზიაში, ან რესტორანში შეკვეთას აძლევ და იწყებ რუსულად ლაპარაკს და სახეზე მყარი მოლოდინი გეტყობა, რომ რუსულადვე უნდა გიპასუხონ. რატომ? ჩინელი ან ფრანგი ადამიანი ხომ არ იწყებს თავის ენაზე ლაპარაკს და არც მოელის, რომ მის ენაზე გასცემენ პასუხს? ცდილობს ინგლისურად გელაპარაკოს. შენ, იმ ქვეყნიდან ჩამოსახლებულ ადამიანს, რომელსაც საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, პატივს არ სცემენ, რატომ უნდა დაგელაპარაკონ შენს ენაზე და არა საერთაშორისოდ აღიარებულ ინგლისურ ენაზე? იმიტომ, რომ ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი, რომ ყველაფრის ბატონ-პატრონები არიან და სწორედ ამიტომ ჩამოდიან ზუსტად ამ ქვეყანაში 195 სხვა ქვეყანას შორის. ხოდა ამ ყველაფრის შემდეგ, ისევ რიტორიკული შეკითხა: რა ნიშნით არიან საქართველოში ჩამოსახლებული ეს რუსები „კარგი რუსები?“ - წერს მაია ბუწაშვილი.