რესპოდენტის შესახებ
სხვაგვარად უყურებს თბილისში აპრილის 9-დან განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი გოგი ხუციშვილი. ოპოზიციონერი ლიდერებისგან განსხვავებით, ის დედაქალაქში არსებულ სიტუაციას "ჩიხურად" აფასებს და არც დესტაბილიზაციას გამორიცხავს...
_ ბატონო გოგი, უკვე მეექვსე დღეა დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მეხუთე დღეა ოპოზიცია თავის მხარდამჭერებთან ერთად ხელისუფლებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებს. როგორ შეაფასებთ პოლიტიკური უმცირესობის ამ გადაწყვეტილებას და 9 აპრილის შემდეგ განვითარებული მოვლენების მიხედვით, რამდენად გაჩნდა ხელისუფლების შეცვლის შანსი?
_ ჯერ მდგომარეობა ჩიხშია შესული. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეებს შორის მოთხოვნები არის შეუთავსებელი. ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები არის შეუთავსებელი. ის, რასაც ოპოზიცია მოითხოვს, აბსოლუტურად მიუღებელია ხელისუფლებისთვის და პირიქით. დღეს ჩვენ, ექსპერტებს დიპლომატებთან გვქონდა შეხვედრა, რომლებიც მზად არიან პოლიტიკურ მხარეებს შორის შუამავლობა იკისრონ და დაეხმარონ მათ ისეთი საკითხების გამონახვაში, რომლებიც მისაღები იქნება, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვისაც და ის გახდეს საწყისი პუნქტი მოლაპარაკების დაწყებისთვის.
_ მაგრამ, დიპლომატებს მანიფესტაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციონერი ლიდერების შეხვდნენ და თავად სთხოვეს, ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩარეულიყვნენ...
_ არც ერევიან, მაგრამ ჩვენ, დიპლომატებთან ერთად გვსურს, მხარეებს შევთავაზოთ შესაძლებლობა, რომ მაგიდასთან დასხდნენ და ერთმანეთს ელაპარაკონ. ჩვენი ფუნქცია სწორედ ესაა.
_ თუმცა, ოპოზიციას არ სურს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება სხვა საკითხზე, გარდა სააკაშვილის გადადგომისა. ამ კონტექსტში, ექსპერტების და დიპლომატების მცდელობას, მხარეები დიალოგის მაგიდასთან დასვან, რამდენად აქვს აზრი?
_ მე როგორც ვიცი, ოპოზიციაში ამასთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია. პოლიტიკური უმცირესობის მხოლოდ რადიკალური ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლებასთან არ ილაპარაკებს, მაგრამ არსებობს მეორე მხარე, თუნდაც "ალიანსი საქართველოსთვის", რომელსაც ესმის, რომ მარტო სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, რომელიც პრაქტიკულად უფრო ლოზუნგია, ვიდრე მოთხოვნა, სხვა, მაგალითად, სისტემების ცვლილება უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგად მივიღებთ იმას, რომ ერთი დიქტატორი პრეზიდენტი წავა და მეორე დიქტატორი პრეზიდენტი მოვა.
ამაზე ოპიზიციაც უნდა დაფიქრდეს. დარწმუნებული ვარ, ყველა ოპოზიციურ ძალას სურს სისტემური ცვლილების განხორციელება და სისტემა რომ შეიცვალოს ამისთვის დალაპარაკება და იმაზე მსჯელობაა საჭირო, ეს რა ფორმით შეიძლება მოხდეს.
ახლა არ არის ის მდგომარეობა, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ის პრეზიდენტობიდან წავიდეს. ასე ხელისუფლება არ შეიცვლება. არა და ქუჩებში ტემპერატურა მატულობს, არსებობს საფრთხე, რაღაც ისეთი ინციდენტი მოხდეს, რომ უმართავი პროცესები დაიწყოს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ ასე გაგრძელდა.
- ამ კონტექსში თქვენ ოპოზიციას ხელისუფლებასთან დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებას ურჩევთ?
- არა, მე ვურჩევ ორივე მხარეს, რომ გამოძებნონ სალაპარაკო თემა, რომელიც არ გამორიცხავს პოლიტიკური უმცირესობის მთავარ მოთხოვნაზე უარის თქმას, მაგრამ იყოს ისეთი საკითხი, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.
_ და თქვენი აზრით, ასეთი რომელი თემა შეიძლება იყოს?
_ სისტემის შეცვლა, რომელიც ოპოზიციასაც უნდა და ალბათ ხელისუფლების სურვილიც იქნება. ყოველ შემთხვევაში ამაზე საუბრობს. სისტემის შეცვლა - თავისუფლად შეიძლება იყოს მხარეებს შორის საუბრის დაწყებისთვის საწყისი თემა, მით უფრო, რომ ამაში თავისთავად მოიაზრება პრეზიდენტის წავლა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და ა.შ.
_ ბატონო გოგი, თბილისში ყოველდღიურად ახალი საპროტესტო კერები იხსნება. დესტაბილიზაციას თუ პროგნოზირებთ?
_ დესტაბილიზაცია მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დაწყება კიდევ რამდენიმე დღე არ მოხდება.
სხვათა შორის, არეულობა, რაც არ არის გამორიცხული, შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდოს, ხელისუფლების მდგომარეობას გააუარესებს.
_ და, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ოპოზიციამ თქვენს მიერ აღნიშნულის გამო, პროცესები ხელოვნურად გაამწვავოს და სწორედ დესტაბილიზაციის მიმართულებით წაიყვანოს?
_ არ ვიცი ეს ოპოზიციაში ვის აწყობს, მაგრამ, ვიტყოდი, რომ ეს მეტად საშიში და სარისკოა. პოლიტიკური უმცირესობა მხოლოდ პიკეტირებასა და გზების ბლოკირებაზე საუბრობს, თუმცა როცა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ცხადდება, ეს თავისთავად მოიცავს იმის რისკს, რომ ხელისუფლება ამას ადრე თუ გვიან საკუთარ ხალხს უპასუხებს და უპასუხებს ძალით. თუ ეს მოხდება, ამით ხელისუფლების მდგომარეობა გაუარესდება. დაუმორჩილებლობაზე ნებისმიერი პოლიციური რეაქცია ხალხში იმის შთაბეჭდილებას ქმნის, რომ რეპრესიები დაიწყო. ამას კი მომიტინგეთა რაოდენობის არა თუ შემცირება, პირიქით ზრდა მოჰყვება ხოლმე.
_ საუბრისას თქვენ ახსენეთ, რომ გამოსავალი ერთი დიქტატორი პრეზიდენტის წასვლასა და მეორე დიქტატორი მმართველის მოსვლაში არ არის. სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში ქვეყანას მსგავსი საფრთხე ემუქრება? გაპრეზიდენტების შემთხვევაში რომელი ოპოზიციონერი ლიდერი შეიძლება გახდეს დიქტატორი?
_ თუ ასე უკონტროლოდ განვითარდა სიტუაცია, სისტემის ცვლილებაზე არ დაიწყო მოლაპარაკება, მაშინ შეიძლება მოსალოდნელი არეულობით ყველაზე რადიკალურმა ოპოზიციურმა მხარემ ისარგებლოს.
_ ვინ არის თქვენი აზრით ყველაზე რადიკალული ძალა, რომლის ლიდერზეც ეჭვობთ, რომ დიქტატორის თვისებები შეიძლება აღმოაჩნდეს?
_ ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობა.
_ ბატონო გოგი, ოპოზიციონერი ლიდერების შეფასებით მიხეილ სააკაშვილი შეშინებულია. ის ყოველ დღე ჩნდება ტელეეკრანებიდან. თქვენ რას ამჩნევთ?
_ პრეზიდენტს ყოველთვის ჩვევია ასეთი რეაქცია - რაც უფრო მწვავდება სიტუაცია, მით უფრო ნაკლებად მიიჩნევს, რომ მასზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ეს არის ყველაზე უარესი გზა, რომელიც შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილს აერჩია. როცა ქვეყანაში სიტუაცია მწვავდება და ქვეყნის პირველი პირი მას არ იმჩნევს, ეს ნიშნავს, რომ ის ქუჩაში საკუთარ ხალხს ვერ ამჩნევს. ამან გამოიწვია 7 ნოემბერი და არ არის გამორიცხული, ახლა უარესიც მოხდეს.
_ როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება? უნდა გავიდეს ხალხთან სააკაშვილი?
_ დიახ, აუცილებლად ხალხთან უნდა გავიდეს. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას უნდა დასთანხმდეს იმაზე, რომ მისი გადადგომის საკითხზე ელაპარაკოს. ქვეყნის პირველმა პირმა პოლიტიკური უმცირესობისგან უნდა მოისმინოს არგუმენტები იმასთან დაკავშირებითმ, თუ რატომ ითხოვენ მის გადადგომას, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის ბედი მომავალში?
_ და ბოლოს, ბატონო გოგი, დედაქალაქში მიმდინარე პროცესების მიმართ ხელისუფლების რეაქცია, უფრო სწორად ურეაქციობა, რაც თქვენ ასე ძალიან გააკრიტიკთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოიწონა და "ფრთხილი მოქმედებების გამო" ხელისუფლებას მადლობაც გადაუხადა...
_ რა თქმა უნდა, ეს აშშ-ის ადმინისტრაციისგან ბუნებრივი რეაქცია იყო, რადგან საქართველოს მთავრობას ისე მოქცევა, როგორადაც ახლა იქცევა, სპეციალისტებმა ურჩიეს. ხელისუფლების ურეაქციობამ რაღაც შედეგი გამოიღო კიდეც, მაგრამ ეს დროებითი შედეგია და ყველაფერი გადაიხაზება, თუ ქუჩაში გამოსვლები მოლაპარაკებათა მაგიდასთან საუბრით არ გაგრძელდება.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე