"კობახიძის განცხადება არის მორიგი დეზინფორმაცია. რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს შანსი, გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ არის ნულის ტოლფასი, ამისთვის საჭიროა ხელისუფლების ცვლილება", - ასე უპასუხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ქუთაისში ჟურნალისტების შეკითხვას კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით.
"ეს არის მორიგი ტყუილი და დეზინფორმაცია ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს შანსი, რომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პირობებში არის ნულის ტოლფასი, ამიტომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რასაც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ძალისხმევით, ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ, საქართველოს შანსები ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე, გაიზარდა.
"კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო 0, ამ ლოგიკური დასკვნის გამტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან, დღეს ეს შანსი, კანონის მიღების შემდეგ, ეს შანსი არის გაზრდილი, დაახლოებით 20-30 პროცენტამდე. თუმცა ეს არის დღევანდელი მოცემულობა. 2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ სადაც პრინციპულად დადგები იქ შედეგსაც მიიღებ," - განაცხადა კობახიძემ.