აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადების კომენტირებისას სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობებთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ პუტინმა უკანონოდ დაიკავა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორია და მას არ შეუძლია უკარნახოს უკრაინას რა უნდა გააკეთოს მშვიდობის აღსადგენად.
ამის შესახებ ოსტინმა ბრიუსელში ბრუფინგზე განაცხადა.
ოსტინმა აღნიშნა, რომ პუტინმა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორია უკანონოდ დაიკავა. მისი თქმით, პუტინი არ არის იმ მდგომარეობაში უკრაინას უკარნახოს, რა უნდა გააკეთოს მშვიდობის დასამყარებლად.
"ეს არის ზუსტად ისეთი ქცევა, რისი დანახვაც არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა, ვხედავდეთ, რომ რომელიღაც ქვეყნის ლიდერმა გადაწყვიტოს, რომ მას სურს საზღვრების გადმოწევა და მეზობლის ტერიტორიის ანექსია", - თქვა ოსტინმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინს შეუძლია თუკი მოისურვებს, დღესაც შეაჩეროს არაპროვოცირებული ომი, რომლის დროსაც მან დაკარგა ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურე დაღუპულებისა და დაჭრილების სახით.
„და ჩვენ მოვუწოდებთ მას ამის გაკეთებას, გაიყვანოს ჯარების უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან“, - თქვა ოსტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას დღეს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა შესთავაზა.
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობა უნდა იყოს უკრაინის ჯარების „სრული გაყვანა“ ხერსონიდან, ზაპოროჟიედან, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებიდან.
მისი თქმით, რუსეთი აუცილებელ პირობად მიიჩნევს უკრაინის ნეიტრალურ, უბლოკო, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს. მისივე განცხადებით, ახალი სამშვიდობო წინადადება არ გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას, არამედ მის სრულ მოგვარებას.
პუტინის თქმით, ყველა დასავლური ანტირუსული სანქციაც უნდა მოიხსნას.