სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარემ ანატოლი ჩიჯავაძემ აღნიშნა, გატაცებული ქართველების მშობლები პრეზიდენტისგან დახმარებას ითხოვენ.
"არ ვიცი, რამდენად შესწევს პრეზიდენტს დახმარების საშუალება. ჩემი აზრით, ეს საკითხი სახელმწიფოს გადასაწყვეტი არაა. მეზღვაურებს დახმარება უნდა გაუწიონ ბიზნესმენებმა და იმ პატრიოტმა ადამიანებმა, რომელთაც სოლიდური თანხა აქვთ. თორემ ახლა საზოგადოება თითო ლარობით თანხას ვერ შეაგროვებს", _ აღნიშნა ჩიჯავაძემ.
მისი თქმით, მეზღვაურების დასახმარებლად ტელეფონით გადარიცხული თანხის ზუსტი ოდენობის შესახებ 10 იანვარს გახდება ცნობილი.
"მეკობრებთან მოლაპარაკების მიზნით საქმეში ჩართულნი არიან ბერძენი გემთამფლობელის მიერ დაქირავებული ადვოკატები. მათი მოლაპარაკება კონფიდენციალურად მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მეკობრეები ადვოკატებთან შეხვედრას მაშინ გადაწყვეტენ, როცა ადვოკატებს შესაბამისი გამოსასყიდი თანხა ექნებათ", _ აღნიშნა ჩიჯავაძემ.
ცნობისთვის, პირველ ეტაპზე მეკობრეებს არ აკმაყოფილებდათ ბერძენი გემთამფლობელის მიერ შეთავაზებული 250 ათასი.
შეგახსენებთ, ქართველი მეზღვაურები სომალელი მეკობრეების ტყვეობაში უკვე რამდენიმე თვეა, იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მათ საჭმლის მიწოდებაზე უარს ეუბნებიან და სასტიკად სცემენ.