დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმისა და სპირტიანი სასმელების შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ნინოწმინდის რაიონის სოფელ დიდ ხანჩალში მცხოვრები პეტროს ჰარუთინიანი.
გამოძიებით დადგენილია, რომ პ. ჰარუთინიანს სავარაუდოდ სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდული გზით შემოტანილი ჰქონდა სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რამდენიმე ასეული ბოთლი ასევე უაქციზო მაღალალკოჰოლური და სპირტიანი სასმელები. მთლიანობაში აღნიშნული პროდუქციის საბაზრო ღირებულებამ 10 000 ლარს გადააჭარბა.
სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას ძიება დაადგენს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლით, რაც ითვალსიწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.