სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეტალურგიული პროფილის მქონე საწარმო "ჯეოსთილ"-ში მოქმედი თაღლითური სქემა გამოავლინეს და თაღლითობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს მფლობელი ინდოელი ინვესტორები ხანგძლივი დროის განმავლობაში მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს განიცდიდნენ.
"კომპანიის თანამშრომლები დანაშაულებრივ გარიგებაში იმყოფებოდნენ ჯართის შემომტან კონტრაქტორებთან და ისინი მოწოდებული ნედლეულის (ჯართი) წონას ხელოვნურად ზრდიდნენ, რიგ შემთხვევაში კი მათ მიერ ხდებოდა ასევე ჯართში წიდის მინარევის დამატება, რა გზითაც ახორციელებდნენ საწარმოდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებას", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
შესაბამისი ბრალდებით გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია თაღლითურ სქემაში მონაწილე 9 პირი: ილია ზედელაშვილი - კომპანია "ჯეოსთილის" ერთ-ერთი დირექტორი, დავით სპანდერაშვილი- კომპანიის თანამშრომელი, ზვიად ზაკალაშვილი და თეიმურაზ ხაჩიძე - კონტრაქტორი ფირმის "ინერტმეტალის" და "ჯაბა XX" - ის წარმომადგენლები, ზაზა მანჯგალაძე და ბესიკ სარჩიმელია - კონტრაქტორი ფირმის "თემეტალის" წარმომადგენელი, ალექსანდრე ოშაყმაშვილი -კონტარქტორი ფირმების "შერმეტალი", "სიფმეტალი", "მეტალიკა", "მარტმეტალი", "კონტინენტალი XX" წარმომადგენელი, ალექსანდრე ძირღუაშვილი და სიმონ წიკლაური - მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 221-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც ერთობლიობაში თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.