ისრაელელი ბიზნესმენების ფრენკ ზეერისა და რონი ფუქსის მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 იანვარს გაიმართება.
"ისრაელის მოქალაქეების საქმის განხილვა დაწყებულია. უკვე გაიმართა წინასასამართლო სხდომა და სასამართლო საქმის არსებითი განხილვის სტადიაზეა გადასული. შემდეგი პროცესი 11 იანვარსაა ჩანიშნული. ის საჯაროა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის ორი მოქალაქე ქართველმა სამართალდამცავებმა ბათუმის ელიტარულ რესტორანში, ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის მოადგილე ავთანდილ ხარაიძესთან შეხვედრისას აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენები ხარაიძეს საქართველოს ინტერესების საზიანო გარიგებით ქრთამის სახით 7 მილიონ აშშ დოლარს სთავაზობდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რონი ფუქსსა და ფრენკ ზეერს აღმკვეთი ღონისძიების სახით თავისუფლების 60 დღით აღკვეთა 16 ოქტომბერს შეუფარდა.