დავით კეზერაშვილთან შეხვედრას არ ვგეგმავ, არც ახლა და არც მომავალში, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
“ოცნების პარტიული ტელევიზიები, რომლებიც მოქმედებენ სუს-ის პირდაპირი დავალებით, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და მე, ქვეყნის გარეთ ვხვდებით დავით კეზერაშვილს.
დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დიდი ხანია ცნობილია, რაც უფრო შორს იქნება ქართული პოლიტიკისგან, მით უკეთესი ქვეყნის მომავლისათვის.
ქვეყნისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში მორალური უპირატესობის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
პოლიტიკა საჯარო საქმედ რომ მიგვაჩნია, რომელიც კულუარული გავლენებითა და ფულით არ უნდა იმართებოდეს, ამიტომ შევქმენით პარტია "ახალი".
არავითარ შეხვედრას მასთან, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვგეგმავ, არც ახლა და არც მომავალში“, - წერს ნიკა მელია.
მანამდე, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტია „ახლის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ.