ENG / RUS       12+

მიხეილ მაჭავარიანი: ჩვენს მოედანზე ვთამაშობთ და ოპოზიციას შეცდომები ამიტომ მოსდის

რესპოდენტის შესახებ

საქართველოსთვის 2010 წელი განსაკუთრებით წარმატებული საერთაშორისო ასპარეზზე აღმოჩნდა. სწორედ გასულ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შემდეგ უკვე საერთაშორისო საზოგადოებამ და ევროპის ნაწილმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულად, ხოლო რუსეთი ოკუპანტად აღიარეს. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებს, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ შესაფასებელი არაფერია, ხოლო მმართველი ძალა მიღწევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2011 წელს უცვლელი დარჩება პრიორიტეტები, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკის აღორძინება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სოციალური ვითარების გაუმჯობესება და საერთოდ საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ "გასაკეთებელი კიდევ ბევრია".

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენი" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა.


- ბატონო მიხეილ, როგორ შეაფასებდით 2010 წელს, საქართველოსთვის რამდენად წარმატებული წელი იყო?

- 2010 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ მიმართულებით, რომ საქართველოს საერთაშორისო პოზიციები, ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაემყარებინა. 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ ვითარება განსაკუთრებით მძიმე იყო ქართული ეკონომიკისთვის, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც 2009 წელს აპრილში, მაისში და ივნისში ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და რამდენიმე მთავარი მაგისტრალი გადაკეტილი იყო.

ის, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეკონომიკის 6%-იანი ზრდაა, არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა არც საკმარისია და გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ეს მთავრობამაც იცის და ჩვენც.

რაღაც მიმართულებით პროცესები დაიძრა, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. ეს შეეხება ინვესტიციებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მაგრამ მივიჩნევთ, რომ მთლიანობაში სწორი მიმართულებით მივდივართ.

ტერიტორიული მთლიანობა და ოკუპაცია - აქაც 2010 წელი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, განსაკუთრებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ, რომელმაც მკაფიოდ ჩამოაყალიბა პოზიცია, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია. შემდეგ ეს დაადასტურა ევროპარლამენტმა და ფაქტობრივად ყველა პროგრესული ქვეყნის ხელმძღვანელმა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივები ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

30 მაისის ადგილობრივი არჩევნები - როგორც იცით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფმა ყველა საკითხზე მიაღწია შეთანხმებას, გარდა ერთისა, რომელიც 50%-იან საარჩევნო ბარიერს შეეხებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინაც და ახლაც ჩემი პოზიცია ასეთია: პირველ ადგილზე გასული კანდიდატი უნდა იგებდეს და საარჩევნო ბარიერად 1/3 არ უნდა იყოს. თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო კამპანიამაც, არჩევნების დღემაც და მისმა შემდგომმა პერიოდმაც ძალიან კარგად ჩაიარა და ყველა მონაწილე პოლიტიკური ძალა სოლიდარული იყო გამარჯვებულის მიმართ.

2010 წელს მინდა გამოვყო პარლამენტის მიერ ახალი კონსტიტუციის მიღება. ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, რატომ ვიჩქარეთ, მაგრამ პროცესი ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა და ამ პერიოდში წამკითხავმა წაიკითხა, გამააზრებელმა გაიაზრა. გვქონდა კონსულტაციები როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ექსპერტებთან. ვენეციის კომისიის დასკვნით, ახალი კონსტიტუცია ევროპული სტანდარტების, წინ გადადგმული ნაბიჯია.

2010 წელს უკავშირდება ახალი საგადასახადო კოდექსის შემუშავებაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ქვეყანას სჭირდება რაღაც იმპულსი, რომ ეკონომიკურად წინ წაიწიოს და განვითარდეს. ჩვენთან უნდა იყოს უფრო მიმზიდველი გარემო, ვიდრე რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, შვეიცარიაში, ჩეხეთში, იმიტომ, რომ ინვესტორმა არჩევანი გააკეთოს, რატომ ჩადოს ფული ჩვენთან და არა სხვა ევროპულ ქვეყანაში. ამიტომ ახალ კოდექსზე 2 თვეს ვმუშაობდით ფინანსთა სამინისტროსთან და მთავრობასთან ერთად. საკმაოდ კარგი დოკუმენტი გამოვიდა, თუმცა აქაც ბოლომდე კმაყოფილი არ ვართ. ეს არ არის იდეალური დოკუმენტი. ვფიქრობთ, ხშირად მეწარმეები სამართლიანად არიან უკმაყოფილოები, რომ მათ ექცევიან მკაცრად და მათი ინტერესები დაცული არ არის. ვეცადეთ, რაღაც მუხლებით გაგვეძლიერებინა მეწარმეების პოზიციები, შევქმენით ომბუდსმენის ინსტიტუტი, ბევრ რამესთან დაკავშირებით კანონში ნათელი შევიტანეთ, რათა არ იყოს ორმაგი მიდგომები.

- რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, გაზაფხული პოლიტიკურად ყველაზე ცხელი პერიოდია...

- ჭექა-ქუხილები გაზაფხულზე? ცხელი პერიოდი ყოველთვის არის აქ, საქართველოში, ყოველ შემთხვევაში ვიღაცის თავში. ჩემთვის ცხელი პერიოდი არის, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები და სამუშაო ადგილები გაჩნდეს. ადამიანს დღეს ეშინია ცხოვრების, რადგანაც სამუშაო არ აქვს, ოჯახს ვერ ინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სოციალურ დაცვაზე ვფიქრობთ. ეს არის ჩემთვის ცხელი პერიოდი, რომ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. სამწუხაროდ, პენსიებს წელს ვერ ვზრდით, მაგრამ 2012 წელს აუცილებლად გაიზრდება.

დანარჩენთან დაკავშირებით ჩვენთან დემოკრატიაა, მადლობა ღმერთს და ამას ყველა ხედავს.

- "სახალხო კრება" გეგმავს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მოამზადოს სახალხო დაუმორჩილებლობა...

- ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ისინი რას გეგმავენ, არ ვიცი, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს და ვთავაზობთ, რომ თუ არ მოსწონთ საარჩევნო კოდექსი, დავწეროთ ახალი, რათა არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდეს. ვისაც ამ გზაზე წამოსვლა არ უნდა, მაგრამ კარგი ეკონომიკური იდეები აქვს, მზად ვართ, ამაზედაც ვესაუბროთ. დანარჩენთან დაკავშირებით მათი საქმეა, კონსტიტუციური გზა ერთია. წინასწარ არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ძალიან ბევრი მახსოვს დაპირებაც, დამუქრებაც, ჭექა-ქუხილიც...

ჩემთვის მთავრია, 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, საქართველოში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. არ არის საკმარისი, გვქონდეს მარტო დენი, წყალი და გაზი. უნდა განვვითარდეთ, სხვა შანსი არ გვაქვს. ამიტომ არის, რომ პრეზიდენტი სულ სიახლეებს ეძებს. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დავსხდეთ და ჩუმად ვიყოთ. უნდა ვეძებოთ ახალი იდეები, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, რაჭა, სამეგრელო უნდა განვავითაროთ. საქართველო უნდა გავხადოთ მიმზიდველი ჩვენი აფხაზი და ოსი მეგობრებისთვის. თუმცა ეს გულის სიღრმეში მათაც კარგად იციან, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ. რუსეთის ხელში ყველანი მძევლები ვართ. მიუხედავად იმისა, რაც 1991 წელს მოხდა, აფხაზები, ოსები და ქართველები გამონახავდნენ საერთო ენას, რომ არა ის "შუამავალი", რომელიც ზურგს უკან აქეზებდათ.

- ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციას შორის სერიოზული განხეთქილებაა. თუმცა ხშირად ისმის ბრალდებები, რომ ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს, რათა საზოგადოებაში მათი იმიჯი შეილახოს...

- ჩვენი ბრალია ყველაფერი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები და იქ არაფერს ვეძებთ. არ ვთამაშობთ მათ მოედანზე და ამით ექმნებათ პრობლემები. მათ მოედანზე თამაში და რაღაცებში ჩარევა, ინტრიგები რომ დავიწყოთ, ყოველთვის წავაგებთ. ჩვენს მოედანზე ვთამაშობთ და ამიტომ მოსდის ოპოზიციას შეცდომები. არის პროცესები, როდესაც არ უნდა ჩაერიო და უნდა დაელოდო, როდის დასრულდება ის შენთვის სასიკეთოდ. ამ მოედანზე არასოდეს შევალთ, მაგრამ ოპოზიციას თავისი მოედანი თვითონ თანდათან ავიწროებს. მხედველობაში მაქვს რადიკალები, რადგან არის ოპოზიცია, რომელიც ფიქრობს, რომ 2012 წელს არჩევნები უნდა ჩატარდეს და მისთვის უნდა მოემზადოს.

გულწრფელად გეტყვით: დღეს პარლამენტში ძლიერი ოპოზიციური ფრთა რომ არ არის, ამით პარლამენტი და საქართველო ბევრს კარგავს. ოპოზიციის სუნთქვა სულ უნდა გესმოდეს. არ მიმაჩნია მართებულად, რომ ოპოზიციონერი კოლეგები არ შემოვიდნენ პარლამენტში. დღეს საკანონმდებლო ორგანო უფრო ძლიერი იქნებოდა. ამით წააგო არა მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ", არამედ საქართველომ. პრაგმატულად შეიძლება მმართველი პარტიისთვის კარგია, რომ მარტოა მოედანზე, მაგრამ ცუდია ქვეყნისთვის. ჩვენ ამით ბედნიერები არ ვართ. ახლა კი გამოდის, რომ იმ რამდენიმე ათი ათასი ადამიანის ხმა არ მოდის შენამდე. ამას დიდი დანაკარგად მივიჩნევ.

- რას შეიძლება ელოდოს რუსეთისგან ქართული მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ კრემლი მსოფლიოზეა "ნაწყენი" საქართველოს ასეთი მხარდაჭერით?

- საოკუპაციო ჯარები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსახლეობას ეტკინოს, მიიღოს მაქსიმალური ზიანი და თავისი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო იყოს. ისინი არ ითვალისწინებენ, რომ ამით ურთიერთობა ზარალდება და რუსეთის მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ ცუდია.

კი, შეიძლება ვკითხულობდე და ძალიან მიყვარდეს დოსტოევსკი, ტურგენევი, მაგრამ დღეს ჩემთვის რუსეთი მარტო ტურგენევი და დოსტოევსკი არ არის. დღეს ჩემთვის რუსეთი, სამწუხაროდ, არის პუტინი. იქ, რა თქმა უნდა, არის ხოდორკოვსკი, ნემცოვი, ლატინინა, მაგრამ ასევე არიან პუტინი, მედვედევი და ის ხალხი, ვინც საქართველოში შემოიჭრნენ, როგორც ოკუპანტები.

რუსეთის მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი ნიშნავს, რომ მათ უკვე ძალიან უჭირთ. თუმცა არ უნდა შევცდეთ და უნდა გავაგრძელოთ ის გზა, რომ მთელმა მსოფლიომ აღიაროს ოკუპაცია, რადგან არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქვეყანა ოკუპირებულად ეღიარებინოთ და შემდეგ მისი დეოკუპაცია არ მომხდარიყოს. ამ მიმართულებით გეგმაზომიერად უნდა ვიმუშაოთ.

იმისთვის, რომ საქართველოზე კომპრომატები გავრცელდეს და ცუდი "პიარი" აგორდეს, რუსეთი დიდ ფულს იხდის. კრემლი ცდილობს, ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი გზით შეიცვალოს ხელისუფლება.

- რაც შეეხება რუსეთის მიერ საქართველოს ხელისუფლების შეცვლის სურვილს, ამას კრემლი არც მალავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრომა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "საქართველოში მოვა ლიდერი, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობებს მოაგვარებს"...

- ჩვენც დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთში მოვა ლიდერი, რომელიც ამ ურთიერთობებს დაარეგულირებს, რადგან ღმერთმა იცის, 1801 წლიდან საქართველოს რუსეთის ოკუპაცია არ მოუხდენია და არ შევჭრილვართ მათ ტერიტორიაზე. რუსეთთან გვინდა მეგობრული ურთიერთობა და მეტი არაფერი.

- ლავრომა აღნიშნული განცხადება მოსკოვში ქართველი ოპოზიციონერების ვიზიტის შემდეგ გააკეთა, როდესაც "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, პარლამენტის ექს-თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და "სამართლიანი საქართველოს" ლიდერი, ექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი ქუთაისის მემორიალის ანალოგის გახსნას დაესწრნენ. ეს ხომ არ იყო კრემლის მხრიდან ირიბი მინიშნება?

- რაც შეეხება ქუთაისის მემორიალის, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ყველა ომის გმირს ვაფასებთ, რადგან არ გვყავს დასაკარგი ადამიანები. ეს კარგად ჩანს თბილისის ცენტრშიც. არ არსებობს რაიონი, რომ იმ ვაჟკაცების დიდების მემორიალი არ იყოს, რომლებიც დაიღუპნენ აფხაზეთში, ცხინვალში, დიდ სამამულო ომში. რა თქმა უნდა უნდა, ეს იყო ფაშისტური გერმანიისა და კომუნისტური რეჟიმის ომი, მაგრამ ჩვენ პატივს მივაგებთ ვეტერანებს. თუმცა მათ ყურადღება აკლიათ და გვინდა, მეტი გავუკეთოთ.

სამწუხარო იყო, რომ მემორიალის აღების დროს ორი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ როდესაც ამას იყენებენ სპეკულაციისთვის, კომენტარი ზედმეტია.

რაც შეეხება რუსეთს, ის თავის პოლიტიკას არ გადახედვას საქართველოსთან მიმართებაში, რადგან გაერთიანებული საქართველო კი არ სჭირდება, სურს, ჩვენი ქვეყანა მასზე იყოს დამოკიდებული.

განსხვავებით მათგან, ჩვენ გვინდა მეზობელთან ნორმალური ურთიერთობა, გვინდა, რუსეთი ითვალისწინებდეს ჩვენს ინტერესებს და მზად ვართ, გავითვალისწინოთ მათი ინტერესები. სწორედ ამას ვაკეთებთ სხვა მეზობლებთან მიმართებაში, რადგან ეს ქვეყნები - აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი - ჩვენს ინტერესებს ითვალისწინებენ. სამწუხაროდ, რუსეთი ვერ მოეშვა მსოფლიო ჰეგემონიას.

ვფიქრობ, იმპერიების დრო თანდათან მიდის. ის, რომ დღეს რუსეთს კარგი შემოსავალი აქვს, არ ნიშნავს, რომ მართებულ პოლიტიკას ატარებს. უფრო გავიხარდებოდა, ის ძლიერი და დემოკრატიული იყოს, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, ბრიტანეთი.

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ვიღაცას გავებუტოთ, მაგრამ ჩვენი მიზანია, საქართველო თავისუფალ ქვეყნად დარჩეს, რაც კრემლისთვის მიუღებელია. სამწუხაროდ, ზოგი პოლიტიკოსი ამ მიმართულებით არ იზიარებს ჩვენს მოსაზრება, მაგრამ ეს მათი პრობლემაა და ქართველი ხალხი თავად გამოიტანს დასკვნებს.

- თუმცა რუსეთს თუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს, იძულებული იქნება, საქართველოსთან მიმართებაში თავის პოლიტიკას გადახედოს... როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე, რამდენად არის კრემლი ამისთვის მზად?

- თუ ვინმეს უნდა საქართველოში, რუსეთი ადეკვატური იყოს, ეს უნდა ხელისუფლებას. თუ ის გახდება ადეკვატური და დემოკრატიული, ეს ნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გავლენ, ჩვენ კი ვიქნებით გარანტორები, რომ აფხაზეთში და ცხინვალში მშვიდობა იქნება. ყველა ეროვნების ადამიანი - აფხაზი, ქართველი, ოსი, სომეხი - იცხოვრებს კარგად და ყველას უფლებები დაცული იქნება. თუ რუსეთი ადეკვატური გახდება, ჩვენგან მზაობა არის, საქართველოს ხელი გაწვდილი აქვს და მზად ვართ დიალოგზე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. თუმცა აქ უკვე რუსეთია ცუდ მდგომარეობაში: ისინი, ერთი მხრივ, ხედავენ, რომ ჩიხური მდგომარეობაა, მაგრამ ვერ ეგუებიან იმას, რომ ჰეგემონები არ უნდა იყვნენ რეგიონში.

რაც შეეხება რუსეთის ვმო-ში შესვლას, არათუ საქართველოს გარეშე ვერ შეძლებს ამას, ახლა უკვე ხოდორკოვსკის საქმეც ხელს შეუშლის ურთიერთობის აწყობაში. ამის გათვალისწინებით, მოუწევს, თავის პოლიტიკას გადახედოს.

შეიძლება გუშინ რუსეთი მოგვერია, მაგრამ ის, რომ ხელისუფლების დამხობა და მათი მარიონეტის დასმა ვერ განხორცილდა, პირველ რიგში ქართველი ხალხისა, და იმ მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტების დამსახურებაა, რომლებიც ომის დროს აქ ჩამოვიდნენ. ესენი იყვნენ ლეხ კაჩინსკი, ვიქტორ იუშჩენკო, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები. დიდი როლი ჰქონდა სარკოზისაც.

- ბოლო დროს კავკასიელების წინააღმდეგ მოსკოვში არაერთი აგრესიული აქცია გაიმართა... როგორ ფიქრობთ, კავკასიელი ერები ხომ არ დაფიქრდებიან სერიოზულად, რომ დროა ხორცი შეესხას საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რასაც თავისუფალი კავკასია ჰქვია?

- რუსეთი კავკასიაში "სისხლის და მახვილის" პოლიტიკას ატარებს. კრემლის პოზიციაა: კავკასიაში ვისაც რუსეთისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს, მას კი არ უნდა ელაპარაკო, უნდა გაანადგურო. სისხლი ყოველთვის ახალ სისხლს წამოშობს. შეიძლება რაღაც მომენტში ლოკალურად მოაგვარო, მაგრამ ამას აუცილებლად მოჰყვება უკუშედეგი, ამიტომ ეს პოლიტიკა არ მომწონს და მიმაჩნია, რომ სახიფათოა საქართველოსთვისაც, კავკასიისთვისაც, სომხებისთვის, აზერბაიჯანელებისთვის და თურქეთისთვისაც.

მშვიდობიანი კავკასია - ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობის ნათელი ხაზი. ვფიქრობ, რუსეთი თავისი თავის მძევალი გახდა.

მე ვესაუბრე ზემო ლარის გამშვები პუნქტიდან გადმოსულ ადამიანს, რომელმაც მითხრა, რომ ჩრდილოკავკასიელები, ვისაც საქართველოში გადმოსვლის საშუალება მიეცათ, აქედან ჩვენს ქვეყანაზე შეყვარებულები მიდიან, რადგან ნახეს, რომ ეს ის არ არის, რასაც ყოველდღიურად რუსული არხები გადასცემენ საქართველოზე.

- დაბოლოს, რაც შეეხება 2011 წელს. რა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე აპირებს პარლამენტი მუშაობას?

- 2011 წელს მარტო კონსტიტუცია რომ მოვიდეს შესაბამისობაში ახალ ვარიანტთან, 150 კანონში უნდა შევიტანოთ შესწორება. გარდა ამისა, ახალი საარჩევნო კოდექსის უნდა დაიწეროს. მზად ვართ, შევიმუშაოთ ახალი საარჩევნო კოდექსი, რათა არასდროს გაჩნდეს კითხვის ნიშნები ისევე, როგორც ეს იყო 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე, როდესაც არავის კითხვის ნიშანიც კი არ გასჩენია სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თამარ მამუკაშვილი

ავტორი: . .