უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფრთხილად ეკიდება რუსეთის მხრიდან ბირთვული თავდასხმის შესაძლებლობას.
The Washington Post-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ პუტინი არ გარისკავს ბირთვული თავდასხმით, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი არაპროგნოზირებადია.
"ის გიჟია. მსოფლიოში არავინაა, ვინც 100 პროცენტით გეტყვით, რას გააკეთებს. ამიტომ ბაიდენი ფრთხილობს", - განმარტა პრეზიდენტმა.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ პუტინი ადრე უნდა შეჩერებულიყო. მისი თქმით, ბარაკ ობამა არ იყო მის წინააღმდეგ ძლიერი, როდესაც პუტინმა 2014 წელს ყირიმი დაიპყრო.
"ევროპას სურდა საზღვრების უსაფრთხოება და მეტი სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. ამან გზა გაუხსნა უკრაინასთან ომისკენ. მან დაიპყრო ყირიმი და არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. არავინ უბიძგა, არავინ შეაჩერა", - თქვა მან.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში აშშ-ის ჯარების გაგზავნა 2022 წლის თებერვალში შეჭრის შესაჩერებლად, ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა იქნებოდა.
„პუტინი ცბიერია, მაგრამ ჭკვიანი არ არის. როცა ჭკვიან ადამიანს ებრძვი, ეს სამართლიანი ბრძოლაა. მაგრამ როცა ცბიერ ადამიანს უპირისპირდები, ეს ყოველთვის საშიშია“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთის დიქტატორის ვლადიმირ პუტინის მიერ 2022 წლიდან ოკუპირებული უკრაინის მიწების დაკარგვა აიძულებს მას დიალოგის დაწყებას.