გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კატეგორიულად უარყო დასავლეთის ქვეყნებიდან უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეა.
„გუშინ პარიზში შევთანხმდით, რომ ყველამ მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის. მას სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და საჰაერო თავდაცვა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ერთი რამ ცხადია: არ იქნება სახმელეთო ჯარები ევროპის ქვეყნებიდან და ნატო-დან. ეს ასევე გვეხება ჩვენს“, - წერს შოლცი X-ში.
შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 26 თებერავლს, პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
"ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე. მაგრამ მომავალში ამ საკითხზე არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი," - განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის განცხადების შემდეგ ჩეხეთმა, პოლონეთმა და შვედეთმა განაცხადეს, რომ უკრაინაში თავიანთი ჯარების გაგზავნის იდეას არ განიხილავენ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ თქვა, რომ ნატო უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავს.