რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ჯერ ვერ მიაღწია თავის მიზნებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. მისივე თქმით, 2014 წელს, რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდა ყირიმი თავის დაცვის ქვეშ აეღო.
ამის შესახებ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუსას ილაპარაკა.
უკრაინის წინააღმდეგ ომზე საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა ჯერ ვერ მიაღწია „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნებს, კერძოდ, ერთ-ერთი მათგანია დენაციფიკაცია, რომელიც ითვალისწინებს „ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას“.
რუსმა დიქტატორმა ასევე თქვა, რომ „ომი უკრაინამ დაიწყო და რუსეთის მიზანია მისი შეჩერება“.
რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის საკითხზე კარლსონმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი არ დაუბრუნებს ყირიმს უკრაინას მშვიდობის მისაღწევად.
ინტერვიუში პუტინმა თქვა, რომ რუსეთი 2014 წელს „იძულებული გახდა ყირიმი თავისი დაცვის ქვეშ მიეღო, რადგან ნახევარკუნძული საფრთხის ქვეშ იყო“.
პუტინმა კარლსონთან ინტერვიუში გაიმეორა რუსული პროპაგანდის ყველა ცნობილი ნარატივი, მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით.
პუტინის თქმით, მოლაპარაკებები რუსეთის ინიციატივით არ დასრულებულა.
მიისვე თქმით, მას ევროპელმა კოლეგებმა უთხრეს, რომ კიევიდან რუსეთის ჯარები უნდა გასულიყვნენ, რადგან უკრაინა ხელ არ მოაწერდა შეთანხებას. „მე ვთქვი, კარგი და ჩვენ გამოვიყვანეთ ჯარები კიევიდან“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, ჯარების გაყვანის შემდეგ უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა უარი თქვეს შეთანხმებაზე, რომელსაც სტამბოლში მიაღწიეს და დაიწყეს მზადება ხანგრძლივი შეიარაღებული დაპირისპირებისთვის აშშ-სა და მისი ევროპელი მხარდამჭერების დახმარებით.
„ჩვენი შეცდომაა, რომ ჩვენ მოვახდინეთ ქმედებების ინტენსიფიკაცია და იარაღის გამოყენებით გადავწყვიტეთ ამ ომის დასრულება, რომელიც, 2014 წელს დაიწყო დონბასში. მე უფრო შორს დაგაბრუნებთ. 1991 წელს, როდესაც ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ნატო-ს არ გააფართოებენ. დავბრუნდეთ 2008 წელს, როდესაც ნატო-ს კარი გააღეს, დავუბრუნდეთ უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელშიც მან თავი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადა. დავუბრუნდეთ იმას, რომ ნატო-ს ბაზები, ამერიკული, ინგლისური ბაზები გაჩნდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, რაც ამ საფრთხეებს ქმნიდა ჩვენთვის. დავუბრუნდეთ იმას, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს 2014 წელს უკრაინაში. უაზროობა?! ხომ?! ეს ბურთი შეგვიძლია, წინ და უკან ვაგორაოთ მუდმივად, მაგრამ მათ ხომ შეწყვიტეს მოლაპარაკებები. შეცდომა?! - კი, გამოასწორეთ. ჩვენ მზად ვართ. მეტი რა ვქნათ?!“, – განაცხადა პუტინმა.