აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტს არ გააჩერებენ, მაშინ უკრაინის შემდეგ ის ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ წავა.
ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინს აქვს აგრესიული ჩანაფიქრები, რომელიც უკრაინის ფარგლებს ცდება. მისივე თქმით, პუტინი არ გაჩერდება უკრაინის საზღვრებთან თუ მას გამარჯვების უფლებას მისცემენ.
„თუ ჩვენ ვლადიმირ პუტინს მივცემთ უფლბას გაექცეს პასუხისმგებლობას, თუ დავკარგავთ სიფხიზლეს და ყველაფერს, რასაც უკრაინისთვის ვაკეთებთ, მაშინ გაიხსნება პანდორას ყუთი. ის {პუტინი} არ გაჩერდება უკრაინაში და სხვა პოტენციური აგრესორები მსოფლიოს სხვა რეგიონებში აითვისებენ ამ გაკვეთილს“, - განუცხად ბლინკენმა ტელეკომპანია CNBC-ს.
ბლინკენის თქმით, ასეთი სცენარი სავსეა სერიოზული საფრთხით, რადგან შესაძლოა, აშშ რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩათრეული.
„ვფიქრობ, [პუტინი] მთელი ძალით წავა უკრაინაზე, შემდეგ კი ნატო-ს ქვეყნებზე. და რა თქმა უნდა, თუ ის თავს დაესხმება ნატო-ს ქვეყანას, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით დავეხმაროთ მას ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად“, - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს სურს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. მან ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მოთხოვნილი 106 მილიარდი დოლარის პაკეტის დამტკიცების მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებას.
„ეს არ არის მარადიული ომი და არც ჩვენთვის არის მარადიული ხარჯი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეხმარებით უკრაინას თავდაცვაში, ვმუშაობთ ათეულობით სხვა ქვეყანასთან. ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ შეძლოს ფეხზე დგომა სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიულობის თვალსაზრისით, - თქვა მან.
მისივე თქმით, უკრაინის დახმარება არის საერთო საქმე შეერთებულ შტატებსა და მის უახლოეს მოკავშირეებს შორის, რომელიც უნდა გაგრძელდეს.
”ამჟამად, რუსეთი განაგრძობს სტრატეგიულ მარცხს უკრაინაში. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს გაგრძელდეს”, - თქვა ბლინკენმა.