ვლადიმირ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ მან კრემლში, გმირების დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.
შესაბამისი თხოვნით პუტინს თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა არტემ ჟოგამ მიმართა. პრეზიდენტი თხოვნაზე თანხმობა განაცხადა.
რუსული მედიის ცნობით, პუტინი რუსეთის გმირის წოდებით დაჯილდოებულ პირებს ესაუბრა, რა დროსაც არტემ ჟოგამ პუტინს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სთხოვა, რაზეც პუტინმა განაცხადა, რომ ის აპირებს მონაწილეობის მიღებას.
პუტინის ამჟამინდელი უფლებამოსილებები 2024 წლის 7 მაისს სრულდება.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა რუსეთში 15 მარტს დაიწყება და 17 მარტს დასრულდება.
ვლადიმირ პუტინისთვის ეს უკვე მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს. პირველად ის პრეზიდენტად 2000 წელს აირჩიეს.