მოვითხოვთ, ჩაუტარდეს მგალობლიშვილს შემოწმება ალკოჰოლურ თრობაზე და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, -ამის შესახებ განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
"ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. რა დროსაც დეპუტატის მაგიდასთან მისულ ანა წითლიძეს, ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი მოუქნია.
თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი ალკოჰოლური მდგომარეობის ქვეშ იმყოფებოდა მაშინ, როდესაც ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდა;
თინა ბოკუჩავა მოითხოვს, მგალობლიშვილს ჩაუტარდეს შემოწმება ალკოჰოლურ თრობაზე და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები „რუსული ოცნების“ კაცი დეპუტატების მხრიდან ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ. ქალი ოპოზიციური დეპუტატები რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის, მუდმივად ხდებიან ამორალური, უხამსი თავდასხმების სამიზნე „რუსული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან. დღეს, ამგვარ თავდამსხმელად მოგვევლინა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლევან მგალობლიშვილი, რომლის მხრიდანაც არასდროს გაგვიგია არცერთი პოზიცია საპარლამენტო დებატებისას საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ ამ ადამიანს ძალიან კარგად სცოდნია უხამსი, ამორალური, პერსონალური თავდასხმის, გინების გამოყენება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ამ დეპუტატს შესაბამისი შემოწმება, რომ დადასტურდეს, რომ ის არღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს და საქართველოს კანონმდებლობას და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში პლენარულ სხდომაზე, სადაც იყენებს უხამს გამონათქვამებს დეპუტატების წინააღმდეგ და დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ მოთხოვნით მივმართავთ პირადად გია ვოლსკის, რომელიც დღეს არის თავმჯდომარის როლში პარლამენტის სხდომაზე.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ანა წითლიძის თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამით აჩვენებენ საკუთარ სისუსტეს როდესაც კითხვებზე პასუხი არ აქვთ.
„მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ლაჩარ კაც დეპუტატებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკოს ქალებთან ასე შეუძლიათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და დღეს ჩვენ ვნახეთ მცდელობა იმისი, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა ჩვენთვის მგალობლიშვილს, რომ ვინმეს შეშინებოდა ან ვინმეს უკან დაეხია, მაგრამ ამით ისინი აჩვენებენ საკუთარ სისუსტეს და ამით აჩვენებენ მხოლოდ იმას, რომ როდესაც კითხვებზე პასუხი არ აქვთ და არ გააჩნიათ არგუმენტები, გადადიან ამაზე და აჩვენებენ, რომ არიან სრულ ისტერიკაში. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ, თუ ეს ნამდვილად არის პარლამენტი, ერთადერთი რაც უნდა გააკეთოს ახლა ბატონმა ვოლსკიმ, ეს არის ის, რომ დაუწესოს სანქცია ბატონ მგალობლიშვილს რაც მან ახლა იკადრა დარბაზში და ასევე, ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეამოწმონ ეს ადამიანი ალკოჰოლურ ტესტზე, რადგან ეს ადამიანი არ იყო ფხიზელი.“ - განაცხადა ანა წითლიძემ