ისრაელის არმიამ ჟურნალისტებს აჩვენა კადრები, რომლებიც გადაღებული იყო „ჰამასის“ მებრძოლების სხეულებზე დამაგრებული კამერებით. როგორც BBC წერს, ეს გადაწყვეტილება ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიიღო, რათა მსოფლიოსთვის შეეხსენებინა სისასტიკე, რომელიც ისრაელზე 7 ოქტომბერს თავდასხმისას „ჰამასის“ მებრძოლებმა ჩაიდინეს.
სხეულებზე დამაგრებული კამერის ვიდეოები წარმოდგენილი იყო სავალთვალო კამერების კადრებთან ერთად, ასევე მობილური ტელეფონებიდან, რომლებიც ეკუთვნოდა როგორც „ჰამასის“ მებრძოლებს, ასევე მათ მსხვერპლებს. აღნიშნულმა კადრებმა დეტალურად აღბეჭდა ის საშინელება, რაც ხდებოდა მუსიკალურ ფესტივალზე და სამხრეთ ისრაელში კიბუცების მცხოვრებთა სახლებში.
ერთ-ერთ ასეთ შემზარავ ეპიზოდში, რომელიც კიბუცის ერთ-ერთი სახლის კამერით არის გადაღებული, ჩანს კაცი, როგორ აგდებს თავის ორ შვილს მიწისქავეშა თავშესაფარში რამდენიმე წამით ადრე, ვიდრე „ჰამასის“ მებრძოლი იქ ყუმბარას ისვრის. მამა იღუპება ბავშვები კი დაჭრილები არიან.
დასისხლიანებული ბავშვები, რომლებიც შოკში არიან, ყვირილით შერბიან სახლში. ამის შემდეგ ერთ-ერთი თავდამსხმელი მშვიდად შედის, მაცივარს აღებს, სასმელს სვამს და შემდეგ იქაურობას მშვიდად ტოვებს.
ერთ-ერთი ბავშვი ძმას უყვირის: „მამა მოკვდა! ეს ხუმრობა არ არის“ და იმეორებს: „რატომ ვარ ცოცხალი?“ ისრაელის არმიის წარმომადგენელმა ვერ თქვა, გადარჩნენ თუ არა ბავშვები.
კადრებში ასევე არის ჰამასის“ ერთ-ერთი მებრძოლის აუდიოჩანაწერი, რომელიც ურეკავს მშობლებს ღაზას სექტორში მსხვერპლის ტელეფონიდან და ამაყობს, რომ მან „შიშველი ხელებით მოკლა სულ მცირე 10 ებრაელი“.
ის მშობლებს სთხოვს: „გახსენით WhatsApp და ნახეთ რამდენი ადამიანია მოკლული“, როგორც ჩანს, გულისხმობს მის მიერ სახლში გაგზავნილ ფოტოებსა და ვიდეოებს. ”თქვენმა შვილმა დახოცა ებრაელები. დედა, შენი შვილი გმირია," - ამბობს ის.
მეორე ეპიზოდში, „ჰამასის“ კიდევ ერთი მებრძოლი ესვრის კიბუცის მაცხოვრებლებს და შემდეგ ცდილობს თოხით მოაჭრას თავი ერთ-ერთ ისრაელელს, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ცოცხალია.
ჟურნალისტებისთვის კადრების ჩვენების გადაწყვეტილება მიიღეს ისრაელის არმიის მაღალჩინოსნებმა, რომლებიც შეშფოთებულები არიან იმით, რომ მსოფლიო მედია ახლა საუბრობს არა 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმაზე, არამედ ისრაელის საჰაერო იერიშებზე ღაზას სექტორში და ჰუმანიტარულ კრიზისზე.
საერთაშორისო მედიასთან საუბრისას, გენერალ-მაიორმა მაიკლ ედელშტეინმა განაცხადა, რომ ის შოკირებულია მოვლენების ასეთი აღწერით.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ცდილობს შეადაროს რას აკეთებს ისრაელი და რას აკეთებენ ეს საზიზღარი ტერორისტები. საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ამის შედარება. და მას შემდეგ რაც გაჩვენეთ, თქვენც უნდა გაიგოთ ეს“, - თქვა მან.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე გაავრცელა ორი ინსტრუქცია, რომლებიც მოკლულ მებრძოლებს აღმოაჩნდათ. ინსტრუქციებში დეტალურად იყო აღწერილი თავდასხმისა და მძევლების აყვანის გეგმები.
ერთ ნაწილში ნათქვამია: „თქვენ უნდა დახვრიტოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, აიყვანოთ მძევლები და გადაიყვანოთ ზოგიერთი მათგანი ღაზას სექტორში სხვადასხვა მანქანით“.
მოკლული მებრძოლების ცხედრებზე ნაპოვნი დოკუმენტები ნათლად აჩვენებს, რომ ჰამასი "მოვიდა ჩვენი მოქალაქეების მოკვლისა და დაწვის ბრძანებით. უბრალოდ გადაწყვიტეს ოჯახები დაეწვათ სახლებში. მათ ცოცხლები მხოლოდ მძევლები დატოვეს“, - თქვა გენერალმა ედელშტეინმა.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ხელისუფლების ცნობით, 1400-ზე მეტი ისრაელელი დაიღუპა, უმეტესობა თავდასხმის პირველ საათებში. ღაზას სექტორში 220-ზე მეტი ადამიანია მძევლად აყვანილი.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 5000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრაელმა საპასუხო საჰაერო თავდასხმები დაიწყო, ხოლო პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ დასავლეთ სანაპიროზე კიდევ 91 პალესტინელია დაღუპული.
წყარო: BBC