შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყნის მასშტაბით შემოწმდა 340 სლოტ კლუბი.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორი წლის განმავლობაში სლოტ კლუბებში მოსახლეობამ 160 მილიონ ლარზე მეტი თანხით ითამაშა, 110 მილიონ ლარზე კი წააგო.
შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სლოტ კლუბების უმრავლესობამ შემოსავალი დამალა და რეალურად შემოსავლების მხოლოდ 15 პროცენტი უჩვენა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზარალი მიაყენეს.
როგორც დღეს მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე გაცხადდა, შემოწმების შედეგად მოპოვებულია შავი ჩანაწერები, რომლის დახმარებითაც გაშიფრულია ყველა ის სქემა, რომლითაც ეს სლოტ კლუბები მუშაობდნენ.
როგორც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები განმარტავენ, ზოგ შემთხვევაში თვითონ აპარატები იყო გაუმართავი და იმავდროულად მოთამაშეს არ აწვდიდნენ ინფორმაციას თამაშის პირობების შესახებ.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, უწყება აგრძელებს ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობას, რათა ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული.