ამ პარტიას თუ მიეცემა შესაძლებლობა ახალი სიცოცხლის, არაფორმალური მმართველობის გარეშე, ერთობა შესაძლებელი იქნება, არაფორმალური მმართველობის ქვეშ ერთობა გამორიცხულია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელია დღეს პარტიის მხარდამჭერებს შეხვდა.
„იყვნენ მხოლოდ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ამომრჩევლები. მხოლოდ საკრებულოს წევრები იყვნენ სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულები, დაახლოებით 150 წევრი. მეტი თანამოაზრე ჰყავს იმ სიმართლეს და იდეას, რომელსაც ეს ხალხი წლების განმავლობაში ემსახურება და აქვს კატეგორიული მიუღებლობა ახალი მენეჯმენტის, არაფორმალური მმართველობისადმი“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გაიმართება დამატებითი შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში.
„უახლოეს პერიოდში შევიკრიბებით გაცილებით დიდ და მასშტაბურ ფორმატში, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. თუ სტატუს კვო, რომელიც დღეს პარტია „ნაციონალურ მოძრაობაშია” შექმნილი, რაც აუცხოებს პარტიის ათიათასობით აქტიურ მხარდამჭერს და მეტიც, ისინი გამორიცხავენ თანამშრომლობას იმ ადამიანებთან, რომელთა გვარსა და სახელებს თვეების განმავლობაში ვასახელებდი და არცთუ ისე უსაფუძვლოდ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იქნება ადეკვატური. მათ აქვთ შესაძლებლობა, ერთობა კვლავ შესაძლებელი გახდეს. ყველაფერი არის დამოკიდებული ამომრჩეველზე, პარტიის წევრზე, მხარდამჭერზე. კიდევ უფრო მეტი რამ დამოკიდებულია იმ ხალხზე, ვინც პარტიის მართვის სადავეები მიიტაცა. ჩვენ ვართ ოპოზიციაში უსამართლობასთან, უღირსობასთან, არაფორმალურ მმართველობასთან საბრძოლველად. ჩემი ამოცანა იყო, არის და იქნება ერთობა სწორი ხალხის ერთობის სახით. ვარ ანგარიშვალდებული ამომრჩეველთან, თანამოაზრეებთან. თუ ამ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა ახალი სიცოცხლის, არაფორმალური მმართველობის გარეშე, ერთობა შესაძლებელი იქნება. არაფორმალური მმართველობის ქვეშ ერთობა გამორიცხული იქნება“, – განაცხადა მელიამ.