ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში რამდენიმე ნიშანდობლივი მოვლენა მოხდა, რომელთა გამოძახილიც, შესაძლოა, ახალ წელსაც ვიგრძნოთ და საკმაოდ მწვავედაც.
მთავრობის სხდომების უჩვეულო ადგილებზე გამართვა რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთი გასართობია, ამას საზოგადოება უკვე შეეგუა. ახლახან სათაფლიის გამოქვაბულში გამართული მთავრობის მორიგი სხდომა მარტო იმით არ იყო გამორჩეული, რომ სააკაშვილი მშენებარე სახლების სახურავებიდან (სადაც ადრინდელი სხდომები იმართებოდა) მიწის ქვეშ ჩავიდა.
"გამოქვაბულის სხდომაზე" ნირწამხდარი სააკაშვილი, რომელიც ასეთი კარგა ხანია არავის უნახავს, იმ მთავარსარდალს ჰგავდა, რომელსაც ფრონტიდან თავისი ჯარების უკანდახევის ამბავი შეატყობინეს. სააკაშვილი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ 2011 წელს ფასებიც მოიმატებს და ცხოვრებაც გაჭირდება. ეკონომიკას თავის ულმობელი კანონები აქვს და მათ ვერანანაირი "პოლიტ-პიარით" ვერ გაუმკლავდები, მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო დღეებში სახელისუფლებო ტელევიზიები მაქსიმალურად ცდილობენ, მოსახლეობას სააკაშვილის მიერ გამოქვაბულიდან გაკეთებული პესიმისტური განცხადებები დაავიწყონ.
წლის დასაწყისში რიხით გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა სრული ბლეფი აღმოჩნდა და ის, ძირითადად, რიგით მოქალაქეებს შეეხო, მზარდი სიდუხჭირის გამო. თუმცა ამავე პერიოდში ახლად წამოჩიტულ "ნაციონალურ ელიტას" და ფსევდოოპოზიუციურ პარტიებს ზედმეტი კეთილდღეობისგან აშკარად "ქამრების მოშვება" მოუხდათ და საზოგადოება ამას ლამის ყოველდღე ხედავს. "ქამრების შემოჭერის" წელს ხელისუფლების მიერ გაწეულმა ეკონომიკური ეფექტის არმქონე ხარჯებმა ათეულობით მილიონი დოლარი შეადგინა. სხვადასხვა მონაცემით, მარტო მთავრობის მიერ დაქირავებულ უცხოურ პიარ- და ლობისტურ ფირმებზე 19 მილიონამდე დაიხარჯა. თუ ამას დავამატებთ სხვადასხვა გასართობ ღონისძიაზე, საეჭვო ღირებულების არქიტექტურულ ობიექტებზე და უცხოელ ესტრადის თუ ოპერის მოწვეულ ვარსკვლავებზე დახარჯულ თანხებს, საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვი გამოვა. ეს თანხები სრულიად საკმარისი იქნებოდა თუნდაც სოფლის მეურნეობაში განადგურების პირას მისული წვრილი შინამეურნეობების დაკრედიტებისთვის. ჩვენს მოქალაქეთა 53% სოფლად ცხოვრობს, მათგან 40% უშუალოდაა ჩაბმული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.
ხელისუფლების შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვს. 2011 წელს საერთაშორისო დონორების მიერ აგვისტოს ომის შედეგების დასაძლევად გამოყოფილი 4.5-მილიარდიანი დახმარება იწურება. ამ გულუხვი დახმარების დიდი ნაწილი ვალია. სწორედ ამ ვალის გასტუმრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითა თავის 13 დეკემბრის მოხსენებაში გავლენიანმა International Crisis Group-მა. თუ საპროცესო გარიგებებიდან და ბიზნესის რეკეტიდან შემოსულ თანხებს არ ჩავთვლით, 4.5 მილიარდი იყო ის ფული, რაზედაც მნიშვნელოვანწილად იდგა სააკაშვილის რეჟიმი ომისშემდგომი ორ-ნახევარი წლის განმავლობაში. ფართო საზოგადოებამ შეიძლება არ იცის, რომ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას მოხმარდა და არცთუ მცირე ნაწილი ვანო მერაბიშვილის უწყების აღჭურვა-გაძლიერებაზე დაიხარჯა.
დღეს სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე იმაზე უწევთ ფიქრი, კოლაფსის პირას მყოფი ეროვნული ეკონომიკის პირობებში, სხვა რა გზებით შეუძლიათ იშოვონ ფული, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივონ. ხელისუფლების ახალი ეკონომიკური "სტრატეგია" განსიტყვებულია მთავრობის სატელევიზიო რეკლამაში "გამდიდრდით თქვენ, დაასაქმეთ ხალხი, გაალამაზეთ საქართველო!" ლოზუნგის ადრესატი უცხოელი ინვესტორები არიან, რომლებზედაც ხელისუფლება უკანმოუხედავად ყიდის ყველაფერს, რისი გაყიდვაც კი შეიძლება. ინვესტორთათვის უკვე არსებულ ბონუსებს (ტურიზმის ზონებში მიწის უსასყიდლოდ გადაცემა და 15 წლის განმავლობაში მოგებისა და საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება), საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებაც დაემატა.
თუმცა ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში იმაზე სწრაფად უარესდება, ვიდრე ხელისუფლება მოელოდა. ქაღალდზე გამოყვანილი მაღალი რეიტინგი ბიზნესის კეთების სიმარტივეზე რეალურ სიტუაციას ვერ შველის. ინვესტორები არ მოდიან, ტერორიზებულ და ხარკდადებულ მცირე და საშუალო ბიზნესს გაფართოების არანაირი მოტივაცია არა აქვს და არათუ ახალ სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის, არსებულის გაუქმებაც უწევს, ყველა გამოკითხვაში მოსახლეობა, პირველ ყოვლისა, მზარდი უმუშევრობას და სოციალური სიდუხჭირეს უჩივის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შემოსავალია.
ოფიციალური მონაცემებით, 2010 წელს ერთი შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი 126 ლარიდან 149.50 ლარამდე გაიზარდა. სამომხმარებლო კალათა, რომლის 90% ხელისუფლების პოლიტიკისავე წყალობით იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის, სულ უფრო მეტად არის მიბმული საერთაშორისო ფასების ცვალებად კონიუნქტურაზე და ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, თუ როგორ "ზრუნავს" ხელისუფლება ადგილობრივ ეკონომიკაზე. 2011 წლისთვის დამოუკიდებელი ექსპერტები ფასების კიდევ უფრო ზრდას და შესაბამისად ცხოვრების დონის ვარდნას ვარაუდობენ, რასაც შედეგად ყველა ნორმალურ ქვეყანაში არჩევნებზე არსებული ხელისუფლების წასვლა მოსდევს. თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად ვრცელდება ეს საქართველოზე, რომელიც გავლენიან ჟურნალ "ეკონომისტის" ყოველწლიური კვლევის შედეგად კვლავაც (2006 წლლიდან მოყოლებული) "ჰიბრიდულ რეჟიმების" ანუ ფასადური დემოკრატიის მქონე ქვეყნების რიგში "საპატიო" 103-ე ადგილზე აღმოჩნდა.
თუკი ბოლო დრომდე სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ "ფასადურ დემოკრატიაზე" დასავლეთი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო თვალს ხუჭავდა, დღეს სიტუაცია ამ მხრივ ნელ-ნელა, მაგრამ იცვლება. ორი თვის წინ ვაშინგტონში ჰილარი კლინტონის მიერ საქართველოზე გაკეთებული განცხადებები და Wikileaks-თ გაჟონილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მიმოწერა აჩვენებს, რომ ვაშინგტონი ჯერ კიდევ ცდილობს, სააკაშვილი "სწორ გზაზე" დააყენოს და თუ ეს არ გამოუვიდა, მაშინ მხარდაჭერა შეუმციროს. სავარაუდოდ, ამ დროს ელოდებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოვიდნენ არენაზე და აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობენ. პირველ ყოვლისა, ეს არის ირაკლი ალასანია, რომლის მჭიდრო კავშირებზე აშშ-ის წრეებთან უკვე მისი ყოფილი "თანაალიანსელები" საუბრობენ. ალასანიას პარტიაში ერთი-მეორის მიყოლებით ბარგდებიან მრავალპარტიაგამოცვლილი პოლიტიკოსები, პარტიას უცებ გამოუჩნდა სოლიდური ფინანსები, რომლითაც ის სწრაფად ზრდის და აფართოებს პარტიულ სსტრუქტურებს. ალასანიას უკვე აშკარად სწყალობენ სახელისუფლებო ტელევიზიები და ჟურნალ-გაზეთები, შავი პიარი მის წინააღმდეგ შეწყდა და "თავისუფალი დემოკრატები" ისევე როგორც "ქრისტიან-დემოკრატები" სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, აშკარად სასათბურე პირობებში მოღვაწეობენ და მსუბუქი ირონიით შესცქერიან შეურიგებელი ოპოზიციის ბანაკში დაწყებულ "ძმათამკვლელი" ომს, რომელსაც გაცილებით უფრო ღრმა მიზეზები აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და რაზედაც ასე აქტიურად ხმაურობს მედია.
ის სიბინძურე, რაც ბოლო დღეებში შეურიგებელი ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერებზე გადმოინთხა, შემთხვევითი არ არის და რამდენიმე ლიდერს პოლიტიკური სიკვდილით ან ხანგრძლივად პოლიტიკურ არქივში გადასროლით ემუქრება. ყოველივე ამას სულ მცირე, ორი შედეგი მოჰყვება: შეურიგებელი ოპოზიციის კიდევ უფრო მეტი დისკრედიტაცია, მარგინალიზაცია და ელექტორატისგან გარიყვა, ხოლო დაბნეული და იმედგაცრუებული საზოგადოების სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივობის ნულამდე დაყვანა. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ერთადერთი ვინც ამ "კომპრომატების ომიდან" სარგებელს ნახულობს, არის ხელისუფლება და სატელიტური ოპოზიციური ჯგუფები. გასარკვევი დარჩა მხოლოდ ის, თუ "შეურიგებელი" ოპოზიციის რიგებიდან ვინ და რატომ უკეთებს ხელისუფლებას ასეთ ძვირფას საჩუქარს. "კომპრომატების ომი" დიდხანს ვერ გაგრძელდება, თუმცა საეჭვოა, ამ ომიდან ვინმე გამარჯვებული გამოვიდეს.
როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკურ არენაზე მორიგი სერიოზული გადაჯგუფება მზადდება. არჩევნების მოახლოების კვალობაზე მოხდება ოპოზიციის ლიდერთა თანდათანობითი პოლარიზაცია. ერთ მხარეს, ალბათ, დადგებიან ნაციონალ-პატრიოტულ პლატფორმაზე მდგომი ძალები, რომლებიც ამ იდეის რეალიზაციას რატომღაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციას უკავშირებენ, მეორე მხარეს კი პირობითად პროდასავლური ძალები. ამ პოლარული ძალების ირგვლივ მოხდება ფინანსური რესურსებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების კონსოლიდაცია. პირველი ნაბიჯები უკვე იდგმება. ახლახან ხელისუფლებასთან დაახლოებულმა 50-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია "ევროპული საქართველოსათვის" ჩამოაყალიბა, რომელსაც ხელისუფლების წიაღში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი იმ ახალი პოლიტიკური გუნდის დასაყრდენად მიიჩნევენ და რომლის ბირთვსაც ე. წ. "თავისუფლების ინსტიტუტის" დაჯგუფების ლიდერები შეადგენენ. თუ გაზაფხულისთვის რეალურად მოხერხდა ახალი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება, და დასავლეთი როგორც ჩანს ამ საქმეში ამჯერად პრინციპული იქნება, მომავალ არჩევნებზე შეიძლება შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს ხელისუფლების გადანაწილება დასავლეთისთვის მისაღებ ძალებს შორის. დასავლეთს არანაირად არ სურს, რომ საქართველოში "უკრაინული სცენარი" განმეორდეს. ბუნებრივია, საპირისპირო მიზნები აქვს რუსეთს და საქართველოში პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას აუცილებლად შეეცდება.
აქვს თუ არა კავშირი პოლიტიკასთან 16 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელებულ წინასაახალწლო გასროლას? ალბათ, აქვს გამომდინარე იქიდან, თუ რა მძიმე ბრალდებები წაუყენა ეკლესიას და პატრიარქს საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობმა ჯგუფმა, რომელიც ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირებითაცაა ცნობილი. მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობა აქვს, შეიძლება ითქვას, არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბარიერი, რომელიც ხელისუფლებას ხელს უშლის ბევრი ჩანაფიქრის განხორციელებაში. სისტემატური საინფორმაციო შეტევებით აღნიშნული ჯგუფი ცდილობს ეკლესიაში ისეთი პროცესების პროვოცირებას, რომელიც მღვდელთმთავრებსა და ეპარქიებს, მრევლსა და ეკლესიას ერთმანეთს დააპირისპირებს, ხოლო ამ ფონზე ხელისუფლებას შედარებით გაუადვილდება ეკლესიის მომავალ წინამძღოლად მისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანა. თუმცა ყველაზე უფრო ნიშანდობლივი ამ ისტორიაში გახლდათ მართლმადიდებლური მრევლის უმრავლესობის ოლიმპიური სიმშვიდე, რაც, ერთის მხრივ, დადებითია, იმიტომ, რომ საზოგადოებაში რელიგიურ ნიადაგზე ვნებათაღელვამ შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიღოს. თუმცა, მეორე მხრივ, დუმილი ეკლესიისა და პატრიარქის ოპონენტებს ახალი შეტევის სტიმულს აძლევს.
ცნობილი მოსაზრება, რომ "პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, მაგრამ არსებობენ მუდმივი ინტერესები", თვალნათლად დადასტურდა საქართველოს ხელისუფლებისა და სახელისუფლებო მედიის რეაქციით ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მაშინ, როდესაც ეუთომ, ევროკავშირმა და აშშ-მ არჩევნების შედეგები არ ცნეს, საქართველოს პარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ტელეინტერვიუებში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ არჩევნების დადებითად შეფასებაში. ხოლო სახელისუფლებო ტელევიზიები არჩევნებს დემოკრატიულს უწოდებდნენ. 2004 წელს სააკაშვილი ლუკაშენკოს დიქტატორსა და დემოკრატიის მტერს უწოდებდა. ლუკაშენკო დიქტატორად დარჩა, აი სააკაშვილი კი შეიცვალა და მისი მეგობარი გახდა.
ზაალ ანჯაფარიძე