მალაიზიაში დაკავებული ქართველების განაჩენი მალიზიელი ექსპერტების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის ქართულ მხარეს დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და სასამართლოს დაწყების მოლოდინში არიან.
"მალაიზიის სასამართლო საქმის არსებით განხილვაზე მას შემდეგ გადავა, რაც თავის ექსპერტიზის დასკვნა იქნება მზად, რომელიც ამ დრომდე ჯერ არ არის დასრულებული, ამის გათვალისწინებით კი ჩვენ ვარაუდობთ, რომ სასამართლო პროცესი არსებით განხილვამდე კიდევ ერთხელ გადაიდება", - აღნიშნა კალანდაძემ.
რაც შეეხება ქართული მხარის მიერ გადაგზავნილ მასალებს, დიპლომატის თქმით, მალაიზიურმა მხარემ მიიღო და მისი დეტალური განხილვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
თუმცა კალანდაძის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, რადგან ყველაფერი მალაიზიის ექსპერტიზაზეა დამოკიდებული.
ამასთან, თავის მხრივ ქართული მხარე მზადაა საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მალაიზიაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესია დაგეგმილი.