გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 109 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 46 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 35 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. 33 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, იმერეთში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 18, შიდა ქართლში - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 6, გურიაში - 4, მცხეთა-მთიანეთში - 1, ქვემო ქართლშიც - 1.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 338 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 40 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სამართალდარღვევების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები, 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ შეტყობინებებზეც მყისიერ რეაგირებას ახდენენ. შედეგად, 2023 წლის 1 იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1897 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 137 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასევე, მიმდინარე წლის 8 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 54 უკანონო სახერხი საამქრო.