სოჭში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა, რომელიც საათნახევარს გაგრძელდა.
შეხვედრის დასაწყისში რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაურები უკრაინის ომთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებისთვის.
თურქეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ შავი ზღვის ინიციატივის მომავლის განხილვა მნიშვნელოვანი გახდება აფრიკის ქვეყნებისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის.
ვლადიმერ პუტინი გაზის თემასაც შეეხო.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენ მალე დავასრულებთ მოლაპარაკებებს თურქეთში გაზის ჰაბის შექმნაზე, რათა რეგიონში ენერგეტიკული ვითარება უფრო სტაბილური და დაბალანსებული გავხადოთ. ვფიქრობ, რომ ეს მომგებიანი იქნება“, – განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, ერდოღანმა მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა პუტინს, ასევე ტყის ხანძრებისა და მიწისძვრის დროს გაწეული დახმარებისთვის.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, შეხვედრის დასრულების შემდეგ „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით კონკრეტული განცხადებები იქნება.
მოგვიანებით, პუტინი და ერდოღანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.