ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით! - სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩვენი კრიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს ბინძურ თამაშებში შევყვებით, - ეს განცხადება პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
მისი თქმით, ადამიანებით ვაჭრობის საქმით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია დაკავებული.
"ადამიანებით ვაჭრობის საქმით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია დაკავებული. მას არც ერთი ადამიანის ბედი არ აღელვებს – არც პრეზიდენტის და არც რიგითი მოქალაქის, ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ", - აღნიშნა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, „ივანიშვილის თამაშს „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს“.
„ეს არის ივანიშვილის მცდელობა, რომ ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხები გადაფაროს და მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟირება. ამ ორი ამოცანით ხელმძღვანელობს ივანიშვილი, როდესაც იწყებს ცირკს, რასაც იმპიჩმენტს ეძახის. ეს არის ცირკი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟსა და მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას ისახავს. ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით. სალომე ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ივანიშვილს მის ბინძურ თამაშებში შევყვებით“, – განაცხადა ბოკუჩავამ.