ორ სამაჟორიტარო ოლქში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საუბარი ჯერ არ გვქონია. ერთ წელიწადში უქმდება სამაჟორიტარო საარჩევნო სისტემა და გადავდივართ სრულად პროპორციულ არჩევნებზე, ამიტომ მიმაჩნია, რომ იმ რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა მოვემზადოთ გენერალური არჩევნებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ორ სამაჟორიტარო, საპარლამენტო ოლქში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საუბარი ჯერ არ გვქონია. მაშინ, როდესაც ერთ წელიწადში უქმდება სამაჟორიტარო საარჩევნო სისტემა და გადავდივართ სრულად პროპორციულ არჩევნებზე, მიმაჩნია, რომ იმ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ უნდა მოვემზადოთ გენერალური არჩევნებისთვის, რათა ახალი სისტემით, რომელიც ქართველი ხალხის დიდი ბრძოლით ჩვენმა საზოგადოებამ მოიპოვა, აუცილებლად დამარცხდეს რუსული ოცნება, რომელიც ამ შუალედურ არჩევნებშიც გამოიყენებს სახელისუფლო რესურსს, რომ მოპარული ხმებით გაიფორმოს მორიგ ჯერზე სამაჟორიტარო ოლქი. სწორედ ამ წუხილების გამო, დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, მათ შორის სამოქალაქო სექტორში, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებაში მოწოდებები, რომ გადავსულიყავით სრულად პროპორციულ სისტემაზე და ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩვენ ამას მივაღწიეთ. გასაგებია, რომ რუსულ ოცნებას განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი აქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩასმული შავი ფულის სახით, რომელსაც ივანიშვილი ყოველდღიურად პარავს ქართველ ხალხს. იქნება ეს ბიტკოინების, თუ სხვა მაქინაციური სქემების გამოყენებით. ამიტომ მესმის, რომ ისინი რესურსსზე არ ზრუნავენ. ბუნებრივია, ოპოზიციაში ეს საკითხიც არსებობს, თუმცა ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენი მთავარი გათვლა უნდა იყოს ის, რომ ერთი წელიც არ იქნება დარჩენილი იმ მომენტამდე, როდესაც უნდა ჩატარდეს გენერალური, მთავარი, ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი და გარდამტეხი არჩევნები, სადაც რუსული ოცნება ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ქართულმა ოცნებამ“ გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქში მერის შუალედური არჩევნების კანდიდატურები წარადგინა. არჩევნები 1-ელ ოქტომბერს იმართება.