ხვალ, 18 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე კონფერენციაზე - "ადვოკატის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში" - სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობის სტანდარტების თემაზე მოხსენებით გამოვა.
გარდა ამისა, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, საზოგადოებრივი ადვოკატების სპეციალიზაციის, მათი სასწავლო საჭიროებების, ასევე იურიდიული დახმარების ბიუროების მართვისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატების საქმიანობის საკითხებს განიხილავენ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახური მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებასა და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. ევროკავშირი, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურს ხელს უწყობს ადამიანური რესურსების განვითარებასა და უფასო იურიდიული დახმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
იურიდიული დახმარების სამსახურის კონფერენცია თემაზე - "ადვოკატის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში" 17 დეკემბერს გაიხსნა. ღონისძიებას სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები ესწრებიან.
კონფერენცია გახსნეს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების განყოფილების უფროსმა მარტინ კლაუკემ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იუდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანმა.
ღონისძიება ტარდება ევროკავშირის პროექტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" ორგანიზებით და ორდღიანია.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ 2010 წლის სამსახურის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.