ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი სოციალურ ქსელში განმარტავს მოწოდებას უკრაინის მიმართ, რომ მათ მეტი მადლიერება უნდა გამოხატონ პარტნიორების მიმართ სამხედრო მხარდაჭერისთვის.
„ჩემმა კომენტარმა იმის შესახებ თუ უკეთ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა ის ნაწილობრივ დამახინჯებული იყო“,- წერს უოლესი სოციალურ ქსელში.
„ცნობისთვის, მე როგორც უკრაინის მხარდაჭერისთვის წინა ხაზზე მდგომი ადამიანი, განვიხილავდი პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას, ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაზე მუშაობისას, ვმსჯელობდი როგორ უნდა მიიღოს უკრაინამ ამ უკანონო შეჭრის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის აუცილებელი დახმარება“, - ამბობს უოლესი.
როგორც ის აღნიშნავს, ზოგჯერ უკრაინამ უნდა აღიაროს, რომ ზოგ ქვეყანაში და პარლამენტში მათთვის გაწეულ დახმარებას ისეთივე ძლიერი მხადაჭერა არ აქვს, როგორც დიდ ბრიტანეთში. „ეს არ ეხება მთავრობებს, ეს ეხება უფრო მეტად მოქალაქეებს და პარლამენტის წევრებს მთელ საერთაშორისო თანამეგობრობაში“, - წერს უოელსი.
მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობას გაუმართლა, რომ მოსახლეობა და ყველა პარტია მხარს უჭერს მთავრობის ძალისხმევას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ბრიტანეთში 70%-ზე მეტი იწონებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
“ჩემი კომენტარი მიზნად ისახავდა იმ მნიშვნელოვნების ხაზგასმას, რომ საჭიროა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია არა საკუთარ თავთან საუბარი, არამედ ძალისხმევა, რომ ავუხსნათ სხვა მოქალაქეებსაც {უკრაინის დახმარების მნიშვნელობა}, რომლებსაც ჯერ კიდევ სჭირდებათ დარწმუნება“, - აღნიშნვს უოელსი.
უოლესმა ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში მოუწოდა უკრაინას, მეტი მადლიერება გამოხატონ პარტნიორების მიმართ სამხედრო მხარდაჭერისთვის, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად დააყენონ ახალი მოთხოვნები იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამასთან, მან გაიხსენა გასული წლის ივნისში ვიზიტი კიევში. „როდესაც გადმომცეს {უკრაინელებმა} იარაღის ნუსხა - მე მათ ვუთხარი, რომ ბრიტანეთი არ არის Amazon-ის ინტერნეტმაღაზია“, - განაცხადა ვილნიუსში ბენ უოლესმა.