სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გურიაში "მანიაკის" სახელით ცნობილი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი, 20 წლის ირაკლი კვაჭანტირაძე, მსხვერპლის ხელში ჩასაგდებად ფანარს და ცივ იარაღს იყენებდა.
"მოქმედებდა გვიან ღამით, ასევე შერჩეული ჰქონდა ნაკლებად დასახლებული და მივარდნილი ადგილები, რის შემდეგაც ბასრი საგნის გამოყენებით მსხვერპლს ესხმოდა თავს და გულმკერდის არეში აყენებდა შემავალ ჭრილობას", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
ასევე, ბრალდებულს საცხოვრებელი სახლის უკან მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სამალავი, საიდანაც ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი.
დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე, 236-ე და 238-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.